ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის უზარმაზარი კოსმოსური ხომალდი Starship, რომელიც მთვარესა და მარსზე გასამგზავრებლადაა შექმნილი, პირველ ორბიტულ ფრენას, სავარაუდოდ, მაისში განახორციელებს. ამის შესახებ განცხადება მილიარდერმა ტვიტერზე გაავრცელა.

ასევე, იხილეთ: რატომ არის SpaceX-ის Starship ისტორიული მნიშვნელობის კოსმოსური ხომალდი

აღნიშნული ხომალდი 2 ელემენტისგან შედგება: რაკეტის პირველი საფეხური Super Heavy და მის მაღლა განთავსებული Starship. ორივე მათგანი მრავალჯერადი გამოყენებისაა და ჯამში Raptor-ის ტიპის 39 ძრავითაა აღჭურვილი. ამდენი ერთეულის დამზადება, რა თქმა უნდა, გამოწვევაა, მაგრამ მასკი ამბობს, რომ მოახლოებული მისიისთვის საკმარისი რაოდენობა იქნება ხელმისაწვდომი.

"მომდევნო თვისთვის ფრენისთვის ვარგისი 39 ძრავა გვექნება, იმის შემდეგი თვე კი ინტეგრაციას მოხმარდება. შესაბამისად, ვიმედოვნებ, რომ საცდელი ორბიტული ფრენა მაისში შედგება", — წერს ის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.

რამდენად მოხერხდება ზემოხსენებულ ვადებში ჩატევა, აშშ-ის ავიაციის ფედერალურ ადმინისტრაციაზეცაა დამოკიდებული. მარეგულირებელი ორგანო სპეციალურ დადგენილებას, წესით, 28 მარტამდე წარადგენს.

Starship აქამდეც არაერთხელ გაუშვიათ, თუმცა აქამდე საცდელ მისიებში მეორე საფეხურის პროტოტიპები მონაწილეობდა, მაქსიმუმ 3 ძრავით. ახლა კი ორბიტაზე სრულმასშტაბიან ხომალდს გაგზავნიან. მისი ბუსტერი აფრენიდან მალევე მექსიკის ყურეში დაეშვება, ხოლო თავად Starship პლანეტას ერთხელ შემოუვლის და კოსმოსურ ვოიაჟს წყნარ ოკეანეში დაასრულებს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.