როგორც წესი, დღევანდელ საზოგადოებაში ხელოვნური ინტელექტი (AI) სასარგებლო მიზნებით გამოიყენება, თუმცა რა იქნებოდა, ასე რომ არ ყოფილიყო?

იგივე შეკითხვა აწუხებდათ Collaborations Pharmaceuticals-ის მკვლევრებსაც, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტის გამოყენებით წამლების აღმოსაჩენ ექსპერიმენტებს ატარებდნენ.

მათ გადაწყვიტეს, AI ოდნავ შეეცვალათ და მისი გამოყენებით ქიმიური იარაღები მოეძებნათ. ჟურნალში Nature Machine Intelligence გამოქვეყნებულ ნაშრომს თუ დავეყრდნობით, მანქანური დასწავლის ალგორითმმა 6 საათში 40 ათასი ასეთი საზიანო ნივთიერება აღმოაჩინა.

"კომპიუტერებისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით უკვე ათწლეულებია, ადამიანების ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე ვმუშაობთ და არა მის დაზიანებაზე. ჩვენი მიზანი ყოველთვის ისეთი მოლეკულური თავისებურებების არიდება იყო, რომლებსაც ადამიანისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ცილებზე საზიანო ზემოქმედების პოტენციალი აქვს", — წერენ მეცნიერები.

აღსანიშნავია, რომ Collaborations Pharmaceuticals-ს მომწამვლელობის წინასწარ განსაზღვრისათვის განკუთვნილი მანქანური დასწავლის მოდელები უკვე ჰქონდა გამოქვეყნებული, მკვლევრებს კი საზიანო მოლეკულათა მოსაძებნად მხოლოდ მეთოდოლოგიის ადაპტირება დასჭირდათ.

"ჩემთვის შემაშფოთებელია, როგორი მარტივი აღმოჩნდა ამის გაკეთება. მუშაობისას გამოყენებული უამრავი მასალა უფასოა. შეგიძლია, მომწამვლელობის მონაცემთა ბაზა ნებისმიერი ადგილიდან გადმოწერო. თუკი გყავს ვინმე, ვისაც Python-ში კოდირება შეუძლია და მანქანური დასწავლების კუთხითაც ფლობს გარკვეულ უნარებს, მომწამვლელ ნივთიერებათა მონაცემთა ბაზით ამგვარი გენერაციული მოდელების შექმნა, ალბათ, მხოლოდ ორი დღის სამუშაო თუა", — განაცხადა კვლევის მთავარმა ავტორმა The Verge-თან საუბრისას.

ექსპერიმენტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ Al-ს მოდელებს მეტი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ, ვინაიდან, მისი ბოროტი მიზნებით გამოყენებისთვის მხოლოდ მოტივი და მცირეოდენი უნარები თუ კმარა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.