მოსკოვის ლეფორტოვოს სასამართლომ ალექსეი ნავალნი დამნაშავედ ცნო. რუსული მედიის ინფორმაციით, პუტინის #1 პირველი ოპოზიიცონერი დამნაშავედ ცნეს განსაკუთრებით მძიმე თაღლითობასა და სასამართლოს უპატივცემულობაში. პროკურატურა მისთვის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 13 წლით თავისუფლების აღკვეთას და 1,2 მილიონი რუბლის ჯარიმას ითხოვდა.

განაჩენის ტექსტის წაკითხვისას, მოსამართლე მარგარიტა კოტოვამ აღწერა თაღლითობაზე ბრალდების ეპიზოდები, დაასახელა დაზარალებულები და მათი ზიანი, ჩამოთვალა ვეგვერდები, რომლებმაც გამოაქვეყნეს შეტყობინებები ნავალნის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩართვის შესახებ. მან ასევე აღნიშნა, რომ ნავალნი მოქმედებდა როგორც თაღლითური სქემის ორგანიზატორი თანამზრახველებთან ერთად.

მედიაზონას ინფორმაციით, დარბაზში, სადაც ნავალნი და მისი ადვოკატები იყვნენ, არც ერთი ჟურნალისტი არ შეუშვეს. განაჩენის გამოცხადებაზე ასამდე ჟურნალისტი მივიდა, ისინი ორ დარბაზში მოათავსეს, სადაც პროცესს ტელევიზორში აყურებინეს.

ლეფორტოვოს სასამართლომ ნავალნის წინააღმდეგ ამ სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა 15 თებერვალს დაიწყო. ოპოზიციონერს ბრალად ედება "განსაკუთრებით მსხვილი თაღლითობა" და სასამართლოს უპატივცემულობა. ე.წ. თაღლითობის საქმე 2020 წლის ბოლოს გაიხსნა. გამომძიებლების თქმით, ალექსეი ნავალნიმ და მისმა გუნდმა პირადი მიზნებისთვის დახარჯეს 356 მილიონი რუბლი, რომელიც შეგროვდა შემოწირულობების სახით პოლიტიკოსის მიერ დაარსებული ანტიკორუფციული ფონდის (FBK) საქმიანობისთვის და ნავალნის შტაბ-ბინის ქსელისთვის.

სასამართლოსადმი უპატივცემულობაზე საქმის აღძვრაზე 2021 წლის მაისში გახდა ცნობილი. საუბარია მოსამართლის სავარაუდო შეურაცხყოფაზე, რომელმაც ნავალნი დამნაშავედ ცნო ვეტერანის ცილისწამებაში. შემდგომში ეს ორი საქმე გაერთიანდა ერთ წარმოებაში.