კორონავირუსის რეალობაში 2 წელი ვიცხოვრეთ... შესწორება: ისევ ამ რეალობაში ვცხოვრობთ! ვირუსი არსად გამქრალა, უბრალოდ, ჩვენ მოვადუნეთ ყურადღება და ყოველ დილას ისტერიულად ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა სტატისტიკის შემოწმებით აღარ ვიწყებთ.

არადა, დაახლოებით 2 თვის წინ, პირველ თებერვალს ინფიცირების 24 201 შემთხვევა გვქონდა და პიკში ვიყავით. მაშინ კედლებს ვაწყდებოდით იმაზე დარდით, რომ ვაქცინაციის ტემპი დაბალია, ბუსტერ დოზას ბევრი არ იკეთებს, ომიკრონი კი ელვისებურად ვრცელდება. სწორედ ამ დროს და ამავე დღეს საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელსაც არავინ ელოდა — შეზღუდვის გამკაცრების ნაცვლად, "შემსუბუქება" დაიწყო და გადაწყვიტა, გაეუქმებინა მწვანე პასპორტი, რომელმაც მხოლოდ 2 თვე იარსება ანტივაქსერების აქციებისა და კრიტიკის ფონზე.

ამის შემდეგ პრემიერის განცხადებები გახსოვთ? თუ არა, შეგახსენებთ.

"ომიკრონის შემთხვევაში ძალიან ბევრი შემთხვევა კი არა, ალბათ, უმეტესობა, ვაქცინა არ მუშაობს, ანუ, ვაქცინირებულ პირს ჩვეულებრივ, ემართება ომიკრონი. მაგალითად, მე ვარ აგერ კიდევ ერთი მაგალითი", — მართლა ეს თქვა პრემიერმა, თუმცა მთავრობის მეთაურის ეს ანტივაქსერული ნარატივი, რომ არ გავატაროთ, აქვე უნდა აღვნიშნოთ: კვლევები ადასტურებს, რომ ვაქცინის ერთი ან ორი დოზა ვერ ანეიტრალებს ომიკრონს, თუმცა მესამე დოზა იმუნური მეხსიერების გააქტიურებას ახერხებს, რითაც აძლიერებს ანტისხეულების გამანეიტრალებელ ფუნქციას და ეფექტიანად ასუსტებს კორონავირუსის ამ შტამს.

ისიც უნდა ვთვათ, რომ ჯანდაცვის მინისტრმა ომიკრონს ჩვეულებრივი გრიპიც კი უწოდა, ვიღაცები იმასაც ამბობდნენ, რომ მარტივი შტამია, მაგრამ რეალობამ გვიჩვენა, რომ ვირუსი არც ისე მარტივი გადასატანია.

თებერვალში თითქმის ყოველ დღე 40-50 ადამიანს ვკარგავდით. სწორედ ამ ფონზე, საბჭომ გადაწყვიტა, მოეხსნა შეზღუდვები კლუბებზე, რომელიც სხვა დროს, უფრო მსუბუქ სიტუაციებშიც კი არ შეამსუბუქეს; დაუშვა ერთ მაგიდასთან ღია სივრცეში 10, დახურულში კი 15 ადმაიანის დაჯდომა; გაამარტივა საქართველოში შემოსვლის წესი. ვრცლად, რომ არ ჩამოვთვალოთ, აქ ნახეთ:

და, ახლა რა ხდება? — სტატისტიკით დავიწყოთ: ბოლო ერთ კვირაში ინფიცირებულთა რიცხვი მხოლოდ ორჯერ გასცდა 1000-ს, ყოველდღიურად გარდაცვლილთა რაოდენობა კი 7-დან 20-მდე მერყეობს. განსაკუთრებული ზრდა არ გვაქვს არც ვაქცინაციის კუთხით, NCDC-ის 22 მარტის მონაცემებით:

  • ბუსტერ დოზით აცრილია 230 445;
  • მინიმუმ 1 დოზით ვაქცინირებულია ადამიანი 1 356 735;
  • სრულად ვაქცინირებულია 1 254 202 ადამიანი.

შემცირებულია ტესტირების მაჩვენებელიც. მაგალითად, 2 თებერვალს, როცა 26 320 შემთხვევა გამოვლინდა, ჩატარებული იყო 84 658 ტესტი.

  • 10 თებერვალს 22 444 შემთხვევისას — 68 392;
  • 17 მარტს 888 შემთხვევის დროს — 21 620;
  • დღეს 1 053 შემთხვევისას კი — 21 614.

ალბათ, იფიქრებთ, რომ ეს მხოლოდ რამდენიმე დღის მონაცემია და სრულ სურათს არ ასახავს, თუ უფრო მეტი გაინტერესებთ, NCDC-ზე სტატისტიკა ყოველდღიურად ქვეყნდება.

ამ ფონზე დღეს საკოორდინაციო საბჭოს ტრიბუნიდან მოვისმინეთ ის, რასაც 2 წელია ველით და რაც კოვიდის დასრულების მანიშნებელი უნდა ყოფილიყო:

ყველა შეზღუდვა და რეგულაცია, გარდა დახურულ სივრცეში და საზოგადობრივ ტრანსპორტში პირბადის ტარებისა, ამ ეტაპზე, უქმდება

რას ნიშნავს ეს? — ზოგიერთი შეზღუდვა იმდენი ხანია გვაქვს, რომ ალბათ შენც დაგავიწყდა რა გვქონდა და რა მოიხსნა. გეტყვით:

  • სავალდებულო აღარ არის ღია სივრცეში პირბადის ტარება, ოღონდ ორშაბათიდან! ეს ნიშნავს, რომ 28 მარტამდე ისევ უნდა ატაროთ. საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეებში ტარებაც ისევ მოგიწევთ;
  • დროა პიჟამა გამოიცვალოთ, რადგან საბჭოს გადაწყვეტილებით დისტანციურზე მყოფი თანამშრომლები თავიანთ სამუშაო ადგილებს დაუბრუნდებიან;
  • უქმდება რაოდენობრივი შეზღუდვა, როგორც საზოგადოებრივი კვების ობიექტებზე, ასევე, სპორტულ, სახელოვნებო თუ სხვა სახის ღონისძიებებზე — უკვე შეგიძლიათ მეგობრები მხოლოდ იმიტომ არ დატოვოთ სახლში, რომ საბჭოს შეზღუდვებში ვერ ჯდებით;
  • საქართველოში დაბრუნებაც ძალიან მარტივი გახდა — უქმდება თვითიზოლაციის ვალდებულება საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ქვეყანაში PCR ტესტის გარეშე ბრუნდებიან.

ჯანდაცვის მინისტრმა დაამატა, რომ დარჩა საზღვარზე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის დაწესებული შეზღუდვები და "რამდენიმე სხვა".

სხვა სიახლე გვაქვს? — კი. მინისტრის თქმით, ამ კვირაში უკვე გვექნება კოვიდის სამკურნალო პრეპარატი.

"ეს არის სპეციალური პრეპარატი, რომელიც Pfizer-ის მიერაა შექმნილი — პაქსლოვიდი. სულ აქვს მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანას და ძალიან მიხარია, რომ ერთ-ერთი საქართველო იქნება", — განაცხადა მან.

მისივე თქმით, გვექნება Pfizer-ის ვაქცინის ახალი დოზებიც. ძველის ნაწილი კი გაგვიფუჭდა, რადგან მსურველი არ გამოუჩნდა და ვადა გაუვიდა. ამ ფაქტით აღშფოთებულია ამირან გამყრელიძე.

"პირდაპირ გეტყვით, რომ ძალიან გული მწყდება, ვარ გაბრაზებული ჩემს თავზეც, ვარ ასევე გაბრაზებული, სამწუხაროდ, თქვენზეც — ვინც არ აცრილა და არ მივიდა ასაცრელად... ასეთი ძვირფასი და ასე სისხლით ნაშოვნი ვაქცინა, რომელსაც შეეძლო დაეცვა ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე, მიუხედავად ბევრი საუბრისა, მიუხედავად ბევრი ხვეწნისა, მუდარისა, ადამიანები არ მოვიდნენ და არ აიცრნენ", — განაცხადა NCDC-ის დირექტორმა.

კიდევ ხომ არ მოხდა რამე? — კი. მინისტრმა ესეც თქვა:

მისი თქმით, ჰოსპიტალიზაციები და ყოველდღიური ინფიცირების შემთხვევები მნიშვნელოვნად არის შემცირებული და სიკვდილიანობაც ბოლო 1 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალია.

"ყველა ეს დადებითი ტრენდი შეგვიძლია აღვნიშნოთ, თავდაჯერებულად და პოზიტიურად შევხედოთ ყველაფერს", — განგვიცხადა მან.

რადგან მინისტრი ამბობს, რომ პანდემია სრულდება, ალბათ ისიც გაინტერესებს, როგორ სამყაროში ვიცხოვრებთ პანდემიის დასრულების მერე? — ამ კითხვაზეც გვაქვს პასუხი, რომელსაც ამ სტატიაში ნახავ. თუმცა, მანამდე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პანდემია ჯერ კიდევ გრძელდება და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას არ უთქვამს, რომ მორჩა, ამიტომ აუცილებელია ავიცრათ, დავიცვათ თავი და გარეშემომყოფები.

და ბოლოს — იმისთვის, რომ გაიხსენოთ, რა გამოვიარეთ, სანამ აქამდე მოვიდოდით, შეავსეთ ჩვენი ქვიზი: