საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრისა და ოპოზიციონერის გრიგოლ ვაშაძის აზრით, ხელისუფლებამ უკრაინასთან დაკავშირებით სწორი ნაბიჯები გადადგა. მისი თქმით, სწორედ ასე მოიქცეოდა "ყველა პარტიოტული ხელისუფლება". მან ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა.

"ამ ხელისუფლებამ გადადგა ძალიან სწორი ნაბიჯები, რასაც გადადგამდა საქართველოს ყველა პატრიოტული ხელისუფლება. პირველი — უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას გენერალურ ასამბლეაზე დაუჭირა მხარი. რუსეთის ფედერაციის გარიცხვას ევროპის საბჭოდან დაუჭირა მხარი. დიდი ბრიტანეთის ინიციატივას, რომ გაეროს სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ აღძრულიყო საქმე იმის გამო, რომ რუსეთის ფედერაციამ განახორციელა საერთაშორისო სამართლის სრული დარღვევით უკრაინის წინააღმდეგ აგრესია, დაუჭირა მხარი. არ ვთქვათ ეს? ვთქვათ, რომ ეს არ გაუკეთებია საქართველოს ხელისუფლებას? ხომ იდიოტიზმია ეს, მაპატიეთ.

შეიძლება მეტი გააკეთოს? ამისათვის უნდა გვქონდეს ზუსტად იმ ხარისხის და იმ რაოდენობის ინფორმაცია, რომელიც აქვს ხელისუფლებას. მე ეს ინფორმაცია არ მაქვს. ჩვენი უკრაინელი მეგობრები უკმაყოფილო არიან, ამასაც ხაზი უნდა გავუსვათ, მაგრამ ის, რაც გაკეთებულია, ამაზე უნდა ვთქვათ, რომ გაკეთებულია", — თქვა ვაშაძემ.

ჟურნალისტმა მას ასევე უთხრა, რომ ის ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ გააკრიტიკა, როდესაც მან ხელისუფლება უკრაინასთან დაკავშირებით გადადგმული ნაბიჯების გამო შეაქო. ამაზე ვაშაძემ თქვა, რომ ბოკერიას აზრი ისე აინტერესებს, "როგორც გუშინწინ დამდნარი თოვლი".