ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნებული სტარტაპი Aquarian Space გეგმავს, რომ დედამიწა, მთვარე და, პოტენციურად, მარსიც ერთმანეთთან მაღალი სიჩქარის ინტერნეტით დააკავშიროს. კომპანიამ აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად ახლახან 650 000 აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსება მოიპოვა.

ინვესტიცია მან Draper Associates-ისგან მიიღო, კომპანიისგან, რომელიც მეწარმეებს საკუთარი ბიზნესის განვითარების საშუალებას აძლევს. ამ თანხას სტარტაპი მთვარის მიმდებარედ საკომუნიკაციო სისტემის განსათავსებლად გამოიყენებს. ჩვენი პლანეტის თანამგზავრზე პირველი სატელიტის გაშვებას ისინი 2024 წლისთვის აპირებენ.

ფოტო: NASA

ზემოხსენებული სერვისი Solnet-ის სახელითაა ცნობილი. ეს იქნება მონაცემთა მაღალი ტევადობის მქონე სწრაფი ინტერნეტი, რომლის სიჩქარეც წამში 100 მეგაბიტს მიაღწევს. Aquarian Space--ში აცხადებენ, რომ 2030 წლისთვის მთვარეზე უკვე დაახლოებით 200-მდე კოსმოსური აპარატი იფუნქციონირებს, თუმცა ეს დედამიწასა და მის თანამგზავრს შორის არსებული მყარი საკომუნიკაციო არხების გარეშე წარმოუდგენელია.

სტარტაპი NASA-ს მთვარის პროგრამაში CLPS ჩართულ კომპანიებთან და ამ ციურ სხეულზე მისიების განხორციელების სხვა მსურველებთან აქტიურად თანამშრომლობს, რათა ტექნიკური დეტალები დააზუსტოს. მნიშვნელოვანია, რომ მათი სერვისით სარგებლობისთვის კოსმოსური ხომალდების დიზაინში ცვლილებების შეტანა არ გახდება საჭირო.

ცნობილია, რომ ინტერნეტით უზრუნველყოფის გარდა, Aquarian Space ორბიტული ნარჩენებისთვისა და კოსმოსური ამინდისთვის თვალის მიდევნებას, ასევე, მთვარიდან და მარსიდან მეცნიერული ინფორმაციის მოწოდებასაც გეგმავს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.