რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინის ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ქალაქი გადასცენ, რის შემდეგაც ჰუმანიტარული დერეფნების გახსნის პირობას დებენ. ოკუპანტებმა პასუხისთვის დრო კიევს დილის 5 საათამდე მისცეს. როგორც უკრაინსკა პრავდა წერს, საათი ზონა ცნობილი არ არის.

კრემლის პროპაგანდისტულ რიაზე გავრცელებული განცხადების მიხედვით, რუსეთის თავდაცვა ამბობს, რომ დილის 10 საათიდან ქალაქში მყოფ სამხედროებს გასვლის უფლებას მისცემენ, თუ იარაღს დაყრიან. გარდა ამისა, ამტკიცებენ, თითქოს შეუშვებენ, როგორც რუსულ, ასევე, უკრაინულ ჰუმანიტარულ ტვირთს და ადგილობრივებს მისცემენ უფლებას გადაწყვიტონ, რომელი დერეფნით გავიდნენ, ან ქალაქში დარჩნენ.

რუსული უწყება გაეროს, ეუთოს, წითელი ჯვრის წარმომადგენლებს იწვევს, რათა ევაკუაციას დაესწრონ და მოუწოდებს კიევს "წინდახედულებისკენ". მათივე მტკიცებით, უკრაინას ჯარისკაცებისთვის გაცემული ჰქონდა ბრძანება, თავი შეწირონ ქალაქის დაცვას, რაც უნდა გააუქმონ.

უცნობია რა მოხდება, თუ მარიუპოლი დანებებაზე უარს იტყვის, მაგრამ რუსი სამხედროების განცხადება, რომელსაც კრემლის მედია ავრცელებს, მუქარის ნიშნებს შეიცავს.

"რუსი სამხედროები მიმართავენ მარიუპოლის ადგილობრივ ხელისუფლებას: ახლა თქვენ გაქვთ უფლება გააკეთოთ ისტორიული არჩევანი — ან თქვენს ხალხთან ხართ, ან ბანდიტებთან, თორემ სამხედრო ტრიბუნალი, რომელიც გელოდებათ, სულ ცოტაა. რაც უკვე დაიმსახურეთ", — წერს რია.

მარიუპოლში ჰუმანიტარული კატასტროფაა. ქალაქი რამდენიმე დღეა იბომბება, განადგურდა საავადმყოფოები, სკოლები, დასახლებული პუნქტები. დაუზუსტებელი ინფორმაციით, დაღუპულია რამდენიმე ათასი ადამიანი. რუსი ჯარისკაცები თითქმის მთელი კვირაა არ აძლევენ უკრაინას ქალაქში ჰუმანიტარული დახმარების შეტანის უფლებას.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში