აქტივისტ სამირა ბაირამოვას მშობლები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს წერილობით მიმართავენ და შვილის უსაფრთხოების დაცვას სთხოვენ. მათ წერილს რადიო მარნეული ავრცელებს.

"დღეს ჩვენი ბაირამია. უკვე სამი წელია ჩვენ მშვიდად ბაირამს ვერ აღვნიშნავთ. ზედიზედ სამი წელია ამ თვეში ჩვენს შვილს უწევს დიდი ბრძოლა უსამართლიანობასთან და დესტრუქციულ ძალებთან. ჩვენ მაინც იმედი არ გვაქვს დაკარგული. იმედი გვაქვს რუსეთის სახელმწიფოს მაღალი ზეგავლენა და ამ ჯგუფების უკანონო მოქმედებები აწუხებს ჩვენს სახელმწიფოს და ზომებს მიიღებს. მჯერა, რომ ჩვენ ყველანი ჩვენი შვილების საუკეთესო მომავალზე ვფიქრობთ და ყველაფერს გავაკეთებთ თანასწორი მომავალისთვის, ამიტომ მოგმართავთ თქვენც.

გთხოვთ მიიღოთ ყველა საჭირო ზომა ჩვენი შვილის უსაფრთხოებისთვის. დღეს ის არაა დაცული დესტრუქციული ძალების მუქარისგან და შესაძლო ძალადობისგან. ჩვენი გოგო ძლიერია, მაგრამ მისი სიძლიერე საკმარისი არაა ამ ადამიანებისგან მომდინარე ძალადობის რისკების წინაშე. სახელმწიფოს მხარდაჭერა და მეტი დაცვა აუცილებელია არამარტო სამირასთვის, არამედ ყველა ახალგაზრდა აქტივისტისთვის. სახელმწიფოს დუმული და უმოქმედობა ჩვენ გვაშინებს. გთხოვთ იმოქმედოთ", — ვკითხულობთ ბაირამოვას მშობლების ოფიციალურ წერილში.

ალტ-ინფოს ოფისზე ბანერების შეღებვის შემდეგ სამირა ბაირამოვამ მუქარის შემცველი და შეურაცხმყოფელი შეტყობინებები მიიღო. მან საგამოძიებო უწყებას იმავე დღეს მიმართა. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას გულისხმობს.

დღეს ბაირამოვამ დაწერა, რომ ალტ-ინფომ პირველი მუქარა შეასრულა და მარნეულში ენმ-ის ოფისი შეღებეს. აქტივისტმა ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ ენმ-ის ოფისზე შეურაცხმყოფელი წარწერებია გაკეთებული.