გრემის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, კანიე ვესტი 2022 წლის დაჯილდოებაზე სიმღერებს ვეღარ შეასრულებს. ორგანიზატორებმა კანიეს ყველა გამოსვლაზე უარი თქვეს და ამის მიზეზად ონლაინსივრცეში მომღერლის ბოლოდროინდელი ქცევა დაასახელეს.

შეგახსენებთ, რომ კანიე ვესტი სიძულვილის ენის, ბულინგისა და შევიწროების პოლიტიკის დარღვევის გამო ინსტაგრამზე 24 საათით დაბლოკილი იყო. კანიემ The Daily Show-ს წამყვან ტრევორ ნოას შესახებ რასისტული პოსტი განათავსა, რის შემდეგაც მომღერალი დაიბლოკა. ტრევორ ნოა 2022 წლის გრემის დაჯილდოების ერთ-ერთი წამყვანია, რაც ორგანიზატორების მიერ კანიეს შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო.

კანიე ვესტი ტრევორ ნოას მას შემდეგ დაუპირისპირდა, რაც წამყვანი ვესტისა და კიმ კარდაშიანის დაშორებას გამოეხმაურა. ნოამ აღნიშნა, რომ კანიე ვესტი კიმ კარდაშიანს დღემდე ავიწროებს. ამაზე პასუხად კანიემ თავის ინსტაგრამზე ტრევორ ნოას ფოტოების "სქრინშოტი" დადო და წამყვანი, რომელიც აფრიკული წარმომავლობისაა, რასისტული ტერმინით მოიხსენია.

ფოტო: Getty Images

იმის გათვალისწინებით, რომ კანიე ამ წლის გრემიზე 5 ნომინაციაშია წარდგენილი, ორგანიზატორების გადაწყვეტილება საზოგადოების ნაწილმა გააკრიტიკა. გრემი 2022-ის ორგანიზატორების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა რეპერი The Game, რომელმაც კანიეს დაუჭირა მხარი.

"დროდადრო ისევ გვაჩვენებენ, რომ მათ მხოლოდ კულტურის მოპარვა სურთ და არასდროს მოგვცემენ უფლებას, რომ თანასწორები ვიყოთ. ბოლო წუთს კანიე ვესტს გრემი 2022-ზე გამოსვლა აუკრძალეს, რაზეც ვერ ვიტყვით, რომ მოულოდნელი იყო", — წერს The Game ინსტაგრამზე, რომელიც პოსტში შავკანიანი მომღერლების მიმართ დამოკიდებულებაზეც საუბრობს.

გრემის ორგანიზატორების გადაწყვეტილება არ ეხება კანიეს ნომინაციებს და ის კონკურსში ჩვეულებრივ აგრძელებს მონაწილეობას. შეგახსენებთ, რომ კანიე ვესტი გრემი 2022-ზე ხუთი ჯილდოს ნომინანტია. აქედან 4 ნომინაციაში კანიე ალბომ Donda-ს ნამუშევრების გამო შეარჩიეს. კანიეს ნომინაციებია ასეთია: საუკეთესო რეპ სიმღერა — Jail, საუკეთესო მელოდიური რეპ შესრულება — Hurricane, საუკეთესო ალბომი და წლის ალბომი — Donda.