"ჟურნალისტიკა ბელარუსში გაცილებით უფრო თავისუფალია, ვიდრე, აშშ-ში, დასავლეთში და იაპონიაში", — ამტკიცებს ალექსანდრე ლუკაშენკო, ქვეყნის პრეზიდენტი, სადაც ჟურნალისტებს დევნიან, აპატიმრებენ და სხვა სახის რეპრესიების მსხვერპლს ხდიან.

როგორც სახელმწიფო მედია ბელტა წერს, თავისი ხედვა ლუკაშენკომ იმით ახსნა, რომ იაპონური მედიის წარმომადგენლებს, პროფესიული შეზღუდვების გარდა, პირადი შეზღუდვები აქვთ, რაც მათი ტრადიციებითაა განპირობებული.

"ეს არის ძველი, გადარჩენილი იმპერია, იქ არ არის უბრალოდ კანონები, არამედ ადამიანების შეგნებაა ისეთი, რომ ვერასდროს კანიხერი, [ჟურნალისტი, რომელიც ინტერვიუს ართმევდა] ან სხვა ჟურნალისტი ვერ გაბედავს დაარღვიოს ეს ტრადიციები, რომელმაც საუკუნეები გაძლო", — თქვა მან.

კითხვაზე, რა როლი აქვს ჟურნალისტიკას, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ეს სფერო უნდა შეესაბამებოდეს უმაღლეს სტანდარტებს.

"ჟურნალსტიკა უნდა იყოს მართალი, ის უნდა არკვევდეს ფაქტებს და დებდეს მაგიდაზე, როგორც მე ამას ხშორად ვამბოს. ფაქტები და არა პროპაგანდით დაკავება", — ამბობს ის.

კითხვაზე, აკავებენ თუ არა საქმიანობის გამო ჟურნალისტებს ბელარუსში, მან უპასუხა:

"აკავებენ, ოღონდ არა მათი პროფესიული საქმიანობის გამო, არამედ იმისთვის, რომ ისინი იბრძვიან სახელმწიფოს წინააღმდეგ აშშ-ისა და კოლექტიური დასავლეთის თანხლებით".