მეცნიერებმა 140 წლის წინანდელი ტექნოლოგიის სახით ლითიუმ-იონური ბატარეების ალტერნატივა აღმოაჩინეს. ეს უკანასკნელი — სმარტფონებიდან დაწყებული, ელექტრული მანქანებით დამთავრებული — ყველაფერში გამოიყენება, თუმცა ძვირია და საკმაოდ დიდი ეკოლოგიური ზიანი მოაქვს, ამიტომაც შესაძლოა, აღმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანი იყოს.

რკინა-აირული ბატარეების ტექნოლოგია 1878 წელს გამოიგონეს. მას ლითიუმ-იონურ ბატარეასთან შედარებით ენერგიის მაღალი სიმკვრივე აქვს, თუმცა მარტივად იჟანგება, რის გამოც აქამდე პრაქტიკაში ნაკლებად იყენებდნენ.

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) გუნდი ამტკიცებს, რომ ე.წ. "ჟანგვის შებრუნების" პროცესი დახვეწეს, რათა ახალი დიზაინის მქონე მოდელი დაიტენოს და ენერგია გასცეს.

"როდესაც ელექტრულ დენს საპირისპირო მხარეს მიმართავ, ბატარეაში ჟანგვა წყდება. რკინას ელექტრონები ან ემატება, ან აკლდება — გააჩნია, ბატარეა იმუხტება თუ განიმუხტება", — ამბობს MIT-ის ელექტროქიმიის პროფესორი იეტ-მიანგ ჩიანგი.

მეთოდის წყალობით რკინა-აირულ ბატარეას სუფთა ელექტროენერგიის წარმოქმნა შეუძლია. ყველაზე კარგი კი, ალბათ, ისაა, რომ იგი ლითიუმ-იონურ ბატარეებზე 100-ჯერ იაფი ჯდება.

ლითონ-აირული ბატარეები (რკინის გარდა, არსებობს ალუმინისა და თუთიის) კათოდად ატმოსფერულ ჟანგბადს იყენებს, ანოდად კი — ფართოდ ხელმისაწვდომ მეტალს. ასეთი ბატარეები გასულ საუკუნეში გამოიყენებოდა (მაგ: 30-იან წლებში სასმენ აპარატებში, მოგვიანებით კი ნასას მიერ კოსმოსურ სისტემებში), თუმცა ძალიან არაპრაქტიკული აღმოჩნდა.

მართალია, უკვე საკმაოდ გვიანია იმისათვის, რომ რკინა-აირული ბატარეები სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო ელექტრონიკაში ფართოდ დაინერგოს, თუმცა პროფესორი ჩიანგი მიიჩნევს, რომ შესაძლოა, მან ფართომასშტაბიან ოპერაციებში ენერგიის შენახვის პროცესი საგრძნობლად გარდაქმნას.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.