შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, საქართველოში რუსული დამოუკიდებელი მედიის, დოჟდის რამდენიმე ჟურნალისტი შემოუშვეს. მისი თქმით, მიხეილ ფიშმანის არშემოშვების შესახებ გადაწყვეტილება მესაზღვრემ მიიღო.

"რაც შეეხება დოჟდის ჟურნალისტს, ატყდა ამბავი და გასაგებია. გადაწყვეტილება მიიღო მესაზღვრემ. როდესაც რამდენიმე ჟურნალისტი უკვე შემოსული იყო იგივე ტელევიზიის წარმომადგენლები, ეს იყო მე-9, მე-10, მე-12 თუ მე-13, ეს ერთი ადამიანი რა პრინციპით იყო [...] ვარსკვლავი იყო დოჟდის ტელევიზიაში და პრინციპულად არ შემოვუშვით და სიტყვაზე, 14 კაცი შემოვუშვით? რაღაც ლოგიკა ხომ უნდა არსებობდეს, მაშინ არავის არ შემოვუშვებდით. შემოვიდა 12 თუ 14 და 1 არ შემოუშვეს. ლოგიკაშიც არ ჩანს, რომ პრინციპულად დოჟდის ჟურნალისტებზე იყო დავალება. რა თქმა უნდა, ვერ დაგეთანხმებით.

არის კრიტერიუმები. ბევრჯერ გაგვიბრუნებია გერმანიის მოქალაქე, ბრიტანეთის მოქალაქე, მესაზღვრეს გაუბრუნებია, რაღაც კრიტერიუმები ვერ დაუკმაყოფილებია", — განაცხადა პარლამენტში გომელაურმა.

მისივე თქმით, საზღვარზე კონტროლი შედარებით გამკაცრებულია და საზღვარზე მეტი კითხვა ისმება.

რუსული დამოუკიდებელი მედიის, დოჟდის ჟურნალისტი, მიხეილ ფიშმანი საქართველოში არ შემოუშვეს. ჟურნალისტმა ჩვენთან შემოსვლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც რუსეთში, ამ მედიის წინააღმდეგ კრემლმა მორიგი შემზღუდავი ნაბიჯები გადადგა და დევნა გააძლიერა — მედიას მუშაობის შეწყვეტა მოუწია.

ფიშმანის თქმით, მისთვის არ აუხსნიათ საქართველოში შემოსვლის მიზეზი, თუმცა უთხრეს, რომ სურვილის შემთხვევაში, გასაჩივრება შეუძლია.