"სანამ, როგორც ოჯახური ძალადობის მსხვერპლი, არ აღმოვჩნდი ფსიქოლოგთან, მანამ ვერაფრით ვერ გავიაზრე, რა მჭირდა და რასთან მქონდა საქმე. ცემაც, ლანძღვა-გინებაც, ფულის წართმევაც და საერთოდ ყველაფერი, რასაც ამ წლების მანძილზე მიკეთებდა, ნორმალურად მიმაჩნდა და ამაზე არანაირი პროტესტი არ მქონია. ასე არ ჰქონდა დედაჩემსაც, როცა მამაჩემს თავის კუთვნილ სახლში აცხოვრებდა, თავის კუთვნილ ფულს მას ემათხოვრებოდა. ღმერთო, რამდენი წელი ტყუილად მიცხოვრია ამ უბედურებაში, ისე, რომ არც კი მცოდნია, რომ ეს არ იყო ნორმალური... ასევე დედაჩემსაც...", — ამბობს ნინო.

ეკონომიკური ძალადობა ოჯახში ძალადობის ფორმაა, რომელიც მოიცავს მსხვერპლისთვის საცხოვრებელზე, საკვებზე, სამოსსა თუ სხვა საკუთრებაზე, ფულად სახსრებსა თუ დოკუმენტებზე წვდომის განზრახ შეზღუდვას მოძალადის მხრიდან, ასევე, სწავლაში, მკურნალობისა თუ რეაბილიტაციისთვის საჭირო მომსახურების მიღებაში ხელის შეშლას, მუშაობის აკრძალვას, ვალის აღების იძულებას და შემდეგ თანხის ერთპიროვნულად განკარგვის პრაქტიკას, ასევე, რომელიმე კონკრეტული ქცევის იძულებას და ეკონომიკური ხასიათის სხვა სამართალდარღვევებს.

სოციოლოგიური კვლევები გვიჩვენებს, რომ ეკონომიკური ძალადობა ხშირად თან ახლავს ოჯახში ძალადობის სხვა ფორმებს — ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და/ან სქესობრივ ძალადობას. სწორედ ამიტომ, ეკონომიკური ძალადობის ყველაზე დიდი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ძალზე რთულია მისი იდენტიფიკაცია, განსაკუთრებით — მსხვერპლისთვის, რადგან ძალადობის სხვა ფორმების ფონზე, რასაც მსხვერპლი განიცდის, იგი უკვე აღარ ჩანს. როგორც წესი, ეკონომიკური ძალადობის სიმპტომები გარეგნულად უხილავია, და მსხვერპლი მას საკმაოდ გვიან აცნობიერებს. ფინანსურად დამოკიდებული ქალი ხშირად იზოლირებულია: არავინ იცის, რას ჭამს, რას იცვამს, აქვს თუ არა მის ბავშვს აუცილებელი მედიკამენტები, თავად მან აირჩია თუ არა დიასახლისობა, სურს თუ არა მუშაობა და საკუთარი თანხების ქონა.

სოფო ტაბაღუა, წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის (GCRT) ფსიქოლოგი, მრავალი წელია, რაც ეკონომიკური ძალადობის მსხვერპლ ქალებთან მუშაობს. იგი აღნიშნავს, რომ ეს ერთი შეხედვით უხილავი პრობლემა ზოგადად ქალთა ცხოვრების ხარისხს მნიშვნელოვნად აუარესებს ჯანმრთელობის, სექსუალური ექსპლუატაციისა და ფიზიკური ძალადობის მიმართ დაუცველობის თვალსაზრისით:

"გენდერული ნიშნით ძალადობის გარშემო საინფორმაციო კამპანია, ცნობიერების გაზრდაზე მიმართული აქტივობები, უმეტესად ფოკუსირებულია ფიზიკურ, სექსუალურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაზე. ამ დროს, ჩვენ ყურადღების მიღმა გვრჩება ქალების მიერ განცდილი ეკონომიკური ძალადობა, მისი ტიპები და ნეგატიური შედეგები მათ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე.

მიზეზები, თუ რატომ არის ასეთი "შეუმჩნეველი" ძალადობის ეს ფორმა, შესაძლოა, კულტურულ თავისებურებებში, დისკრიმინაციულ ტრადიციებში, გენდერული სტერეოტიპებით სავსე აღზრდის სტილში ვეძებოთ. მაგალითად, ასე ხდება ქონების განაწილებისას მშობლების მხრიდან, როდესაც ხშირად ქალი მემკვიდრედ არ მოიაზრება. ოჯახურ თანახოვრებაში ერთობლივად შეძენელი ქონება იურიდიულად ხშირად კაცის საკუთრებაშია. შემოსავალის ოდენობაც, შესაძლოა, განისაზღვროს არა კომპეტენციით, არამედ - სქესით: "ქალისთვის ეს თანხა საკმარისია, კაცი ამ ფულზე არ იმუშავებს...".

სამწუხაროდ, ეკონომიკურ ძალადობას ქალი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება. ეს ხშირად იწყება საკუთარი ოჯახიდან და გრძელდება ქორწინება/თანაცხოვრებაში. ზუსტად ეკონომიკური ძალადობა იწვევს დაბალშემოსავლიანობას, საფრთხეს უქმნის ქალთა განათლების მიღწევებს და განვითარების შესაძლებლობებს. ქალი ხდება მოწყვლადი, რაც ხელს უწყობს ფიზიკური ძალადობის, სექსუალური ექსპლუატაციის რისკს, დედათა ავადობასა და სიკვდილიანობას", — აღნიშნავს სოფო.

ოჯახში ძალადობასთან მებრძოლი ბრიტანული ორგანიზაციის Refuge-ის და The Co-operative Bank-ის ერთობლივი კვლევა გვიჩვენებს, რომ ფინანსური ძალადობა ყველაზე ხშირად მაშინ იწყება, როდესაც წყვილი ერთად ცხოვრებას გადაწყვეტს. ასევე, კვლევის თანახმად, ეკონომიკური ძალადობისგან ქალები სამჯერ უფრო ხშირად ზარალდებიან.

ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევა საქართველოში (2017) გვიჩვენებს, რომ ოდესმე პარტნიორულ ურთიერთობაში მყოფი ქალების 10%-ს ეკონომიკური ძალადობის, სულ ცოტა, ერთი ფორმა მაინც გამოუცდია. ქალთა 5%-მა განაცხადა, რომ პარტნიორი უკრძალავდა მუშაობას ან ფულის შოვნას და უარს ეუბნებოდა ფულის მიცემაზე მაშინ, როდესაც თავად ჰქონდა ფული სხვა საგნების შესაძენად.

ორგანიზაცია საფარი დიდი ხანია, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობის კუთხით მუშაობს, მათ შორისაა" ეკონომიკური ძალადობის მსხვერპლ ქალთა უფასო იურიდიული მომსახურებით უზრუნველყოფა, სხვადასხვა საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანიების გამართვა, ონლაინსკოლა ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე და სხვ. საფარის იურისტი ნინო ანდრიაშვილი ამბობს, რომ ორგანიზაციაში შემოსული საქმეები, ძირითადად, ქონებრივი დავებია, სადაც ქალს ოჯახში თავისი წილი საკუთრების მიღებაზე სერიოზული ბარიერები ექმნება.

"ხშირად დგას იმის პრობლემა, რომ თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონება დარეგისტრირებულია მეუღლეზე, რომელიც დაშორებისთანავე ქონებას უფორმებს მესამე პირს, უფრო ხშირად — თავის ახლობლებს; ასეთ შემთხვევაში, ქალმა უნდა შეიტანოს სარჩელი სასამართლოში, რითიც მოითხოვს როგორც თვალთმაქცური გარიგების ბათილობას, ასევე — ქონების 1/2 წილის მესაკუთრედ ცნობას და საჯარო რეესტრში მის სახელზე აღრიცხვას. არის შემთხვევები, როდესაც ქალი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება მეუღლესთან და მათ თანაცხოვრების ეტაპზე შეძენილი აქვთ არაერთი ქონება, რომელიც მეუღლის სახელზეა რეგისტრირებული. ასეთ შემთხვევაში, სამწუხაროდ, ქალი არ არის კანონის დონეზე დაცული, რომ მოითხოვოს დაშორების შემდეგ ქონების გაყოფა. თუმცა, აქაც შესაძლებელია, ქალმა წამოიწყოს დავა, მაგალითად, მოძრავ ნივთებთან დაკავშირებით, რომელიც მის მიერ არის შეძენილი, თუ დასტურდება მისი ტრანზაქციები ბანკში, ტექნიკის მაღაზიებსა და ავეჯის მაღაზიებში. მას, აგრეთვე, შეუძლია, ამავე დავაში მოითხოვოს, თუ რემონტის თანხები მან უშუალოდ გაიღო და არსებობს ამის მოწმეები ან დამადასტურებელი დოკუმენტაცია, აგრეთვე კრედიტის თანხები, რომელიც უშუალოდ თვითონ გადაიხადა. ასევე, დავა შეიძლება დაიწყოს ინდივიდუალური სარგებლობის ნივთების, მათ შორის ქორწილში ნაჩუქარი ძვირფასეულობისა და მზითვის, უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის მოთხოვნით. ანუ, გზა იმისა, რომ ქალმა იდავოს ქონებაზე, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი რეგისტრირებულ ქორინებაში, მაინც არსებობს და ამ ყველაფრის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, მას სწორედ უძრავი ქონების დაყადაღების მოთხოვნაც შეუძლია", — განგვიმარტავს ნინო ანდრიაშვილი. იგი ეკონომიკური ძალადობის მსხვერპლ ქალებს თავიანთი უფლებების დაცვის სამართლებრივი ბრძოლისკენ მოუწოდებს.

ეკონომიკური ძალადობის ერთ-ერთი ჩვენში გავრცელებული ფორმაა მოძალადის მიერ ცოლის/პარტნიორისთვის ვალის აღების იძულება, ფულის მთლიანად გამორთმევა და მისთვის ამ ვალის გადახდის ვალდებულებების შეტოვება. ხშირად ქალები მსგავს ვალებს უდრტვინველად იხდიან ხოლმე, თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც ქალი გადახდისუუნაროა. ამ შემთხვევაში, მისი საბანკო ისტორია "შავდება". ამგვარად, მას მომავალში კრედიტის აღების უმცირესი შანსიც კი აღარ აქვს.

"ახალი მანქანის ყიდვა უნდოდა, ძველი აღარ მოსწონდა და თან დაამტვრია. ტვინი შემიჭამა, სესხი აიღე, ნაღდად მოგცემენო. ვიცი მე, ეგ რისი გადამხდელიც იყო, ის 7 000 დოლარი ისევ ჩემი საწვალებელი უნდა გამხდარიყო, მაგრამ ხან კეთილი სიტყვით და ხან მუქარით იმდენი ქნა, რომ დავთანხმდი. სკოლაში ვმუშაობდი, ვინ მომცემდა ამდენ ფულს, თავდებში ნათლიაჩემი დავიყენე... 5-წლიანი სესხი ავიღე. ფული მაშინვე გამომგლიჯა ხელიდან, წავიდა, მანქანა იყიდა. თავიდან თითქოს რცხვენოდა, იგრიხებოდა, მერე ეგეც აღარ გამოუხატავს: როგორც თქვენ არ გადაგიხდიათ არცერთი თეთრი ყოველთვიური გადასახადიდან, ისე — იმას... მერე ისე გათამამდა, რო მეუბნებოდა, აგერ ყველა ქალი წასულია სამუშაოდ საბერძნეთში და შენთვის რა გახდა ერთხელ წასვლა და ვალების გასტუმრებაო...", — იხსენებს ლიანა. მან ბოლომდე გადაიხადა ქმრის მანქანის ვალი, თუმცა ამ წლების განმავლობაში გაფუჭებული ურთიერთობა ქმართან ვეღარ აიტანა და დაშორდა მას. "ყველას ვაფრთხილებ, სხვის მაგივრად არ აიღონ ვალი, ღმერთმა დაიფაროს და, თუ ჯანმრთელობის პრობლემა არაა. ჩემს ირგვლივ მილიონი ქალია ასე საწყლად, კაცებმა ააღებინეს ვალები და მერე ჩემნაირად გაწამდნენ ამის გადახდაში".

ხდება ხოლმე, როდესაც ქალის ხელფასი ოჯახში მიმდინარე ხარჯებს ხმარდება — კომუნალურ გადასახადებს და პროდუქტის შეძენას, ხოლო როდესაც საქმე სხვა ხარჯს შეეხება, იგი ქმარს მიმართავს და მათი კეთილი ნების იმედადღაა დარჩენილი. კაცი, რომელიც თავს "ოჯახის მთავარ შემომტანად" აღიქვამს, თავად წყვეტს, გასცეს თუ არა ცოლის მიერ მოთხოვნილი თანხა.

"ძალიან დაბალი ხელფასი მქონდა, რადგან ერთ ცვლაში ვახერხებდი მუშაობას — ბავშვისთვისაც მე უნდა მიმეხედა და ოჯახის მოვლა-პატრონობაც სულ ჩემზე იყო... ამ დაბალ ხელფასს, რა თქმა უნდა, საჭმელში და კომუნალურებში ვხარჯავდი, ძველისძველი, გამონაცვალი ტანსაცმლით დავდიოდი, რადგან "ძონძებშიც" კი ვერ ვყიდულობდი ახალს... ჩემი ქმარი სულ მცემდა, სულ მეჩხუბებოდა, შენს ხელში მე ფული არ მინახია და სად ჯანდაბაში მიგაქვსო... ბოლოს, მუშაობა ამიკრძალა, მაინც არაფერი შემოგაქვს სახლში და დაეტიე სახლში და ბავშვს მაინც მიხედეო... მერე ძალიან ვეხვეწე, არ დამაკარგინო თქო ეს სამსახური, შიმშილით დავიხოცებით თქო, ხოდა ეხლა მთელ ჩემ ხელფასს თვითონ იღებს და როგორც უნდა, ისე ხმარობს. ცარიელა პურზე, უზეთო ბრინჯზე და მაკარონზე ვართ მთელი ოჯახი, ბავშვს ჩუპა-ჩუპსიც კი ენატრება. სახლში შუქს არ გვანთებინებს, ბევრსა სწერსო. მაცივარიც გამორთო. ზამთრის მოსვლა მეზიზღება, შეშაშიც კი არ უნდა ფულის დახარჯვა და სიცივეში გვამყოფებს... ბავშვი რამდენჯერ გახდა ავად... ამდენი ცემის და უბედურების გამო ერთხელ თავშესაფარშიც აღმოვჩნდით მე და ბავშვი, მაგრამ იქ ყოფნის დრო დამიმთავრდა და ისევ მაგასთან მივედი... აბა რა მექნა...", — გვიამბობს ელენე. მისი ისტორია თვალნათლივ გვიჩვენებს, როგორი უსუსურია ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალი, თავი დააღწიოს ეკონომიკური დამოკიდებულების მარწუხებს. სოფო ტაბაღუას თქმით, მსგავს შემთხვევებში, სახელმწიფო ქალებს რეალურად ვერაფერ ხელჩასაჭიდს ვერ სთავაზობს და პრობლემა რჩება ისევ პრობლემად:

"ეკონომიკური ძალადობის შედეგებს რთულად უმკლავდება სახელმწიფო, ძალიან ხშირად ქალი, რომელმაც დატოვა ძალადობრივი ურთიერთობა, აწყდება პრობლემებს, რაც სოციალური ფუქნციონირებისა და უნარების დეფიციტთან არის დაკავშირებული. დრამატულია, თუმცა სახელმწიფო თავშესაფრებში მოხვედრილი ქალების პრობლემა ზუსტად ეს არის — ტრავმირებული ქალი, ხშირად შვილებით ხელში, განათლების, კომპეტენციების, სოციალური უნარების და ქონების გარეშეა დარჩენილი, სახელმწიფოს მიერ ჩატარებული ღონისძიებები ზოგჯერ არასაკმარისი და არაეფექტურია, რაც, თავის მხრივ, იწვევს მსხვერპლის უკან, ძალადობრივ ურთიერთობაში დაბრუნებას. ეს არის ციკლი — სამწუხარო, მაგრამ რეალური ციკლი, რომლის გარღვევა, შესაძლოა, მხოლოდ დაუღალავი შრომით მოხდეს და აქ დიდი წვლილი პრევენციაზე მოდის: ჩვენ უნდა შევცვალოთ საზოგადოების ცნობიერება, რაც ქალთა და მამაკაცთა თანასწორობას უზრუნველყოფს, ხშრად უნდა ვისაუბროთ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების შესახებ, უნდა მივცეთ მეტი შესაძლებლობები ქალებს, გავაცნოთ უფლებები და კანონმდებლობით გათვალისიწებული რეგულაციები".

როგორც ფსიქოლოგი აღნიშნავს, სახელმწიფოს როლი აქ უმნიშვნელოვანესია. გენდერული ძალადობის ის განუწყვეტელი ჯაჭვი, რომლის მნიშვნელოვანი კომპონენტი სწორედ ეკონომიკური დამოკიდებულება და ფინანსური ძალადობაა, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, ჩაიჭრას, თუ სახელმწიფო ოჯახში ძალადობის მსხვერპლების ეკონომიკურ გაძლიერებასა და რეაბილიტაციაზე კომპლექსურად იზრუნებს, საზოგადოებაში გენდერული ძალადობისა და ქალთა ეკონომიკური უფლებების შესახებ ინფორმაციის გავრცელების პარალელურად.