ეკონომიკურ თემებზე მინისტრთა კაბინეტთან შეხვედრისას პუტინმა დიდი დრო დაუთმო დასავლეთის კრიტიკას და ომის გამართლების მცდელობებს, რის შემდეგაც სანქციებით განადგურებულ რუსულ ეკონომიკაზეც ისაუბრა — ტრადიციულად, ამჯერადაც ყველაფერი ისე შეფუთა, თითქოს მარტივად უმკლავდებიან. მეტიც, ყურადღების გადატანა იმაზე სცადა, რომ სანქციებმა არამხოლოდ რუსეთი, არამედ გლობალური ეკონომიკა დააზარალა.

მედუზამ მოკლედ შეაჯამა პუტინის განცხადებები და გეგმები ეკონომიკაზე. ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდნტის მტკიცებით:

  • ეკონომიკა საკმარის შემოსავალს გამოიმუშავებს, ფულის საბეჭდვის ჩართვა საჭირო არ არის;
  • ფასების რეგულირებაში ჩარევა უნდა გამოირიცხოს;
  • გაიზრდება საარსებო მინიმუმი, სახელმწიფო მოხელეთა ხელფასები, სოციალური შეღავათები და პენსიები;
  • კერძო ბიზნესმა უნდა ითამაშოს მთავარი როლი ეკონომიკური პრობლემების გადაჭრაში;
  • გარე ზეწოლას მაქსიმალური ეკონომიკური თავისუფლებით უნდა უპასუხონ;
  • უცხოურ კომპანიებს, რომლებმაც არ დატოვეს რუსეთის ფედერაცია, მიეცემათ განვითარების დამატებითი შესაძლებლობები;
  • საბიუჯეტო სესხებზე რეგიონებში ყველა გადახდა გადაიდება, მოსკოვი რეგიონებს დამატებით სესხებს მისცემს;
  • რუსეთის ფედერაციის ყველა ეროვნული განვითარების მიზანი 2030 წლამდე უნდა იყოს მიღწეული.

მაშინ, როცა მსოფლიო რუსეთის გარდაუვალ დეფოლზე საუბრობს, პუტინმა თქვა, რომ ფაქტობრივად, აშშ-მაც და ევროკავშირმაც გამოაცხადეს რეალური დეფოლტი რუსეთის წინაშე. ამის შემდეგ, კი ბაზრებზე მოსალოდნელ დეფიციტზე ისაუბრა.

"ახლა ყველამ იცის, რომ ფინანსური რეზერვების უბრალოდ მოპარვა შეიძლება და ამის გამო, დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოხდება, ბევრმა ქვეყანამ შეიძლება დაიწყოს თავიანთი ფასიანი ქაღალდებისა და ციფრული დანაზოგების რეალურ რეზერვებში საქონლის, მიწის, საკვებში, ოქროში, სხვა უძრავი აქტივებში გადატანა, რაც მხოლოდ გაზრდის დეფიციტს ამ ბაზრებზე", — განაცახდა მან.

საკრედიტო რეიტინგებში რუსეთის სუვერენული რეიტინგის შემცირება მისი საინვესტიციო პოტენციალის ვარდნას ნიშნავს. S&P Global-ის განცხადებით, მოსალოდნელია რეიტინგის კიდევ უფრო შემცირება. JPMorgan-ის შეფასებით კი, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში რუსეთის ეკონომიკის 35%-ით შემცირებაა მოსალოდნელი. ამასთან, საინვესტიციო ბანკი ელოდება, რომ 2022 წელს რუსეთის ეკონომიკა 7%-ით შემცირდება.

ასე რომ, წინასწარ დაზუსტებით არაფრის თქმა შეიძლება, თუმცა არსებული ვარაუდები საკმაოდ დამაჯერებელ არგუმენტებს გვაწვდის იმის შესახებ, რომ სავარაუდოდ, 4 აპრილს ექსპერტების პროგნოზი გამართლდება და რუსეთი დეფოლტს გამოაცხადებს.

პუტინს მოუწია სანქციების გამოწვეული ზარალი ეღიარებინა

პუტინმა საქნციებით გამოწვეული ზარალი ნაწილობრივ აღიარა და აღნიშნა, რომ რუსული ფინანსური კომპანიები, მსხვილი საწარმოები, მცირე და საშუალო ბიზნესი უპრეცედენტო ზეწოლას განიცდიან და საბანკო სისტემა პირველი იყო, ვინც სანქციებით დაზარალდა. თუმცა იქვე აღნიშნა, რომ რუსული ბანკები გაუმკლავდნენ ამ გამოწვევას.

პუტინი არ ყოფილა ლმობიერი კერძო ბიზნესის მიმართა, რომლებიც სანქციებით დაზარალდნენ და თქვა, რომ ეს მათთვის გაკვეთილი იქნება.

"უცხოური აქტივების, რუსული კომპანიებისადა კერძო პირების ანგარიშების დაკავება არის გაკვეთილი ეროვნული ბიზნესისთვის, რომ არაფერია იმაზე სანდო, ვიდრე საკუთარ ქვეყანაში ინვესტირება", — განაცხადა მან.

პუტინის მტკიცებით, სანქციების მეორე ტალღა ვაჭრობის სექტორში პანიკის გამოწვევას ისახავდა მიზნად, მაგრამ ამასაც გაუმკლავდნენ.

"გასული სამი კვირის განმავლობაში საქონელზე დამატებითმა მოთხოვნამ გადააჭარბა ტრილიონ რუბლს, მაგრამ ადგილობრივმა მწარმოებლებმა, მომწოდებლებმა, სატრანსპორტო და ლოჯისტიკურმა კომპანიებმა ყველაფერი გააკეთეს საცალო ქსელებში ფართომასშტაბიანი დეფიციტის თავიდან ასაცილებლად", — ამტკიცებს ის.

აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტმა თქვა ისიც, რომ მოსკოვის მიმართ დასავლეთის სანქციების პოლიტიკას აქვს აგრესიის ყველა ნიშანი.

პუტინი ისევ იმეორებს, რომ სანქციებს მაინც დაუწესებდნენ

რუსეთის პრეზიდენტი ყველანაირად ცდილობს დაამტკიცოს, თითქოს სანქციები არ დაუმსახურებიათ და ე.წ. სამხედრო ოპერაცია, ანუ ომი არაფერ შუაშია. ამიტომ კიდევ ერთხელ თქვა, რომ სანქციებს "მაინც დაუწესებდნენ".

მისი თქმით, სანქციები არის აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნების მთავრობების, ცენტრალური ბანკების უპასუხისმგებლო პოლიტიკის გაგრძელება. მისივე თქმით, სწორედ მათ, ბოლო წლებში, "საკუთარი ხელით დაარბიეს მსოფლიო ინფლაციის სპირალი" და მათმა ქმედებებმა გამოიწვია "გლობალური სიღარიბის ზრდა".

მაშინ, როცა თავად მილიონობით ადამიანის ლტოლვილად ქცევასა და ათასების დაღუპვაზეა პასუხისმგებელი, პუტინი ბედავს და დასავლეთის პასუხისმგებლობებზე საუბრობს:

"ჩნდება კითხვა, ვინ აგებს პასუხს საკვების მზარდი დეფიციტისა და მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებში მილიონობით შიმშილით სიკვდილის გამო".

პუტინი ისევ ამტკიცებს, რომ უკრაინაში "სამხედრო ოპერაცია" გეგმის მიხედვით მიდის

ეკონომიკურ საკითხებზე მინისტრებთან შეხვედრისას პუტინი ამტკიცებდა იმასაც, თითქოს უკრაინის ოკუპაცია მათი მიზანი არ არის. თუმცა, აქვე ამბობდა, რომ არ დაუშვებენ, რომ უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ აგრესიული ქმედებებისთვის იყოს გამოყენებული.

გარდა ამისა, პუტინმა თქვა, რომ ჩეჩნეთის სამხედრო მოსამსახურეები "ღირსეულად ასრულებენ თავიანთ სამხედრო მოვალეობას უკრაინაში". პუტინმა დასძინა, რომ ჩეჩნეთის ხელმძღვანელთან სატელეფონო საუბრისას გეგმავს "ამაზე ისაუბროს".