ომის 21-ე დღეს პატრიარქმა განცხადებაში რუსეთი პირველად ახსენა. მისი თქმით, რუსეთის მიერ წარმოებული საომარი მოქმედებები გრძელდება და მრევლს მშვიდობიანი, ერთობლივი ლოცვისკენ მოუწოდა.

"სამწუხაროდ, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული საომარი მოქმედებები გრძელდება, რასაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე ეწირება. მინდა მოვუწოდო ჩვენს მრევლს (როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში მყოფთ) მშვიდობისათვის ერთობლივი ლოცვისთვის. ხვალ, ხუთშაბათს, თბილისის დროით 12:00-ზე, სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ (ტაძარში, სამსახურში, სახლში თუ ქუჩაში) შევეცადოთ, ყველამ ერთად შევავედროთ უფალს უკრაინა და მთელი მსოფლიო და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს შევთხოვოთ დახმარება დიდი ძალის მქონე ლოცვით", — ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, ილია მეორემ კურთხევა მისცა სასულიერო პირებს, 20 მარტს, წირვის შემდეგ უკრაინის მშვიდობისთვის და სავედრებელი პარაკლისი, ხოლო ომში გარდაცვლილთათვის პანაშვიდი გადაიხადონ.

ილია მეორემ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ განცხადება არაერთხელ გააკეთა. თავდაპირველად, მან Twitter-ზე დაწერა, რომ თუ საომარი მოქმედებები უკრაინაში რაც შეიძლება მალე არ შეწყდება, ეს მსოფლიო ტრაგედიად გადაიქცევა. ამ დღესვე საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, სადაც რუსეთი ნახსენები კვლავ არ ყოფილა. ისინი წერდნენ, რომ განვითარებული მოვლენები სერიოზული სისხლისღვრის საფრთხეს შეიცავს, თუმცა ვითარების დარეგულირების შესაძლებლობა კიდევ არის.

ამის შემდეგ პატრიარქმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე კიდევ რამდენჯერმე განაცხადა, თუმცა რუსეთი არც ამ მაშინ უხსენებია. 6 მარტს ილია მეორემ ქადაგებისას რუსეთ-უკრაინის ომზე ისაუბრა და თქვა, რომ "ზოგიერთ ქვეყანაში ომია", რაზეც წუხან, თუმცა ცდილობენ, მასში მონაწილეობა არ მიიღონ.