რევმატული დაავადებები პაციენტების ცხოვრების ხარისხს მნიშვნელოვნად აუარესებენ. მათთვის დამახასიათებელი ნიშნები, მათ შორის, სახსრების ტკივილი და დეფორმაცია, შებოჭილობა, გადაადგილების შეზღუდვა, უყურადღებობის შემთხვევაში უფრო მწვავდება და, საბოლოოდ, შეიძლება შესაძლებლობების შეზღუდვაც კი გამოიწვიოს.

რომლებია ყველაზე გავრცელებული რევმატული დაავადებები და მათი კლინიკური ნიშნები და როგორ უნდა მოვიქცეთ იმისათვის, რომ დაავადების მიმდინარეობამ შეუქცევადი ხასიათი არ მიიღოს — ამ და სხვა საკითხებზე თოდუას კლინიკის რევმატოლოგ თამთა კობახიძეს ვესაუბრეთ.

— რომლებია ყველაზე გავრცელებული რევმატული დაავადებები და ჯანმრთელობის რა პრობლემებს იწვევენ ისინი?

— სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ყველაზე გავრცელებული რევმატული დაავადება ოსტეოართროზია. მას შეუძლია დააზიანოს, როგორც ძვლოვანი სტრუქტურა, ისე მის ირგვლივ მდებარე ქსოვილები — ხრტილოვანი მასა, კუნთები და სხვა. ამ დაავადების განვითარების რისკი ყველაზე მაღალი 40 წლის ზემოთ ქალბატონებსა და 50 წლის ზემოთ მამაკაცებშია. ასევე, საკმაოდ გავრცელებულია რევმატოიდული ართრიტები, რომლებიც სახსრებში ანთებით ვლინდება, იწვევს სახსრების დეფორმაციას და საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მოშლას. დაავადებას შეუძლია შინაგანი ორგანოების დაზიანებაც.

თუ ამ და სხვა რევმატულ პათოლოგიებს დროულად არ მივაქცევთ ყურადღებას, პროცესი სულ უფრო გამწვავდება, გაიზრდება ტკივილის ინტენსივობა, პაციენტს უფრო შეეზღუდება მოძრაობა და, შესაძლოა, იგი უნარშეზღუდულობის საფრთხის წინაშეც დადგეს.

— რა არის ამ დაავადებების გამომწვევი მიზეზები, რა ფაქტორები ახდენენ მათ პროვოცირებას?

— რევმატული დაავადებების მთავარი მიზეზი გენეტიკური წინასწარგანწყობაა. მათ გამოვლენას კი ხელს მთელი რიგი ფაქტორები უწყობენ, მათ შორის, ჭარბი წონა და ტრავმა, რომლებმაც, შესაძლოა, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა დააზიანონ და გარკვეული სახის ცვლილებები გამოიწვიონ. ქალებში ოსტეოართროზის განვითარების მიზეზი ხშირად ნაადრევი მენოპაუზაა ხოლმე. არსებობს ასეთი რევმატული დაავადება — პოდაგრული ართრიტი, რომელსაც პურინული ცვლის დარღვევა იწვევს. ამ პროცესს მნიშვნელოვნად აჩქარებს ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება. შესაბამისად, ჯანსაღი ცხოვრების წესი, ნორმალური წონის შენარჩუნება, ვარჯიში, ალკოჰოლსა და მავნე ჩვევებზე უარის თქმა რევმატული დაავადებების განვითარების რისკების შესამცირებლად აუცილებელია.

— რა სიმპტომებით ვლინდება რევმატული დაავადებები, რა ნიშნებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება?

— ოსტეოართროზის დროს წამყვანი სიმპტომი არის ტკივილი მსხვილ სახსრებში, როგორებიცაა მუხლის, მენჯ-ბარძაყის, კოჭ-ძვლის, მხრის სახსრები და ა.შ. ასევე, პაციენტს ეზღუდება მოძრაობა, აქვს სიმძიმის შეგრძნება. ტკივილი რევმატოიდული ართრიტისთვისაცაა დამახასიათებელი, თუმცა, ის ანთებითი ხასიათისაა. ამ დროს ხშირია სახსრების შეშუპებაც და მათი სიმეტრიის დარღვევა. ერთ-ერთი რევმატული პათოლოგია — ბეხტერეევის დაავადება, რომელიც საყრდენ მამოძრავებელი სისტემის დარღვევას იწვევს, ხერხემლის სვეტის წელის მალების საპროექციო არეში მოძრაობის შეზღუდვითა და ტკივილით ვლინდება.

— როგორ ხდება რევმატული დაავადებების დიაგნოსტირება და რა სადიაგნოსტიკო საშუალებებია თოდუას კლინიკაში?

— რევმატული დაავადებების დიფერენცირებისთვის, მათი განვითარების ეტაპებისა და მიმდინარეობის თავისებურებების დასადგენად კომპლექსური კვლევაა საჭირო. დიაგნოსტიკა უნდა მოიცავდეს, როგორც ლაბორატორიულ, ისე ინსტრუმენტულ კვლევებს. თოდუას კლინიკა ვერაზე სრულადაა აღჭურვილი იმისათვის, რომ ჩივილებით მოსულ პაციენტს ნებისმიერი ტიპის კვლევა ჩაუტარდეს და ზუსტად დადგინდეს, რა რევმატული დაავადება აქვს და განვითარების რა ეტაპზეა ის.

რევმატული დაავადებების დიაგნოსტიკაში წამყვან ადგილს იკავებს რენტგენოლოგიური გამოკვლევები. ვატარებთ კომპიუტერულ და მაგნიტორეზონანსულ ტომოგრაფიებს. ამასთან ერთად, თოდუას კლინიკაში, გვაქვს დენსიტომეტრიული კვლევის ჩატარების შესაძლებლობაც, რომელიც ოსტეოპოროზის სადიაგნოსტიკო უახლესი მეთოდია.

— მკურნალობის რა მეთოდები გამოიყენება რევმატული დაავადებების დროს?

— პირველ რიგში, რევმატული პათოლოგიების მკურნალობისას მედიკამენტოზურ თერაპიას ვეყრდნობით. ასევე, ვატარებთ სახსარშიდა ინექციებს, რომლებიც ანთებითი პროცესების სახსარში კუპირებას ახდენს და პაციენტის მდგომარეობას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს. როდესაც დაავადება უკვე შორსწასულია და სახსრის მესამე-მეოთხე ხარისხის დაზიანება აღინიშნება, მკურნალობაში ტრავმატოლოგიც ერთვება. ასეთ დროს ქირურგიული გადაწყვეტაა საჭირო და, შესაძლოა, პაციენტს ენდოპროთეზირებაც დასჭირდეს.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ რევმატული დაავადებები ქრონიკულია და მკურნალობის მიზანი მაქსიმალურად ხანგრძლივი რემისიის მიღწევაა. ეს ნიშნავს, რომ პაციენტს რაც შეიძლება დიდი ხნით უნდა მოვუხსნათ ტკივილი, მოძრაობის შეზღუდვა და სხვა ნებისმიერი ჩივილი, რათა მან სრულფასოვნად გააგრძელოს ცხოვრება. ეს კი ნამდვილადაა შესაძლებელი, თუ დროულად და მაღალი სიზუსტით დავსვამთ დიაგნოზს და დაავადების მართვაში კვალიფიციური სპეციალისტი ჩაერთვება.