ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, ნამახვანჰესი უნდა აშენდეს. მისი თქმით, იმის ფუფუნება არ გვაქვს, რომ ასეთი მოსულობის ინვესტიციაზე და ხალხის დასაქმებაზე უარი ვთქვათ. ამის შესახებ მან პარლამენტში კითხვებზე პასუხის დროს ისაუბრა.

"პირდაპირ ვიტყვი, ნამახვანჰესი უნდა აშენდეს. ჩვენ იმის ფუფუნების გზა არ გვაქვს, რომ ამხელა მოცულობის ინვესტიციაზე, ამდენი ხალხის დასაქმებაზე და შესაბამისად, იმპორტდამოკიდებულების შემცირებაზე ვთქვათ უარი. თუ რამე კითხვები არსებობს დავსხდეთ, გავიაროთ, გავაკეთოთ დამატებითი კვლევები, მაგრამ, მაინც შიდა თუ გარეთ, ქვეყნის განვითარების არამოსურნე პირების მიერ იქნა აქციები არაერთი დაორგანიზებული და შესაბამისად შეჩერებული. თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ ეს არის დროებით და დაინტერესებულ მხარეთა ფართო და აქტიური ჩართულობით ნამახვანჰესის მშენებლობა, ისევე როგორც სხვა საშუალო და მსხვილი ჰესების მშენებლობა გაგრძელდება", — თქვა სემეკის თავმჯდომარემ.

2021 წლის 22 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ნამახვანჰესის ინვესტორმა, ენკამ საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულების გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო და მიზეზად კონტრაქტის პირობების დარღვევა დაასახელა.

ინვესტორის მხრიდან ხელშეკრულების გაწყვეტას წინ ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა პროტესტი უძღოდა. თავდაპირველად აქციები რიონის ხეობაში იმართებოდა, შემდეგ კი თბილისშიც. საბოლოოდ, მხარეებს შორის მედიაციის პროცესში ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენელი ჩაერთო, თუმცა ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა მედიაციის პროცესი დატოვეს.