კომპანია Meta-ს თანადამფუძნებელი, მარკ ცუკერბერგი ახლახან South by Southwest (SXSW)-ის სახელით ცნობილ ყოველწლიურ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა. მან რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ომზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს ორ სახელმწიფოს შორის არსებულ კონფლიქტზე მეტია.

"ეს მასშტაბური არეულობის გამომწვევი მსოფლიო მოვლენაა. მეუცნაურება და მიმძიმს მეტავერსსა და Web3-ის მომავალზე ლაპარაკი, როცა მსგავსი რამ ხდება. ძნელია, მოძებნო სწორი სიტყვები, რომლებიც ამ სიტუაციას შეეფერება, მაგრამ მსურს, რომ გამოვხატო, რამდენად ბევრს ვფიქრობ ადამიანებზე, რომლებზეც რუსეთის თავდასხმამ გავლენა იქონია", — ამბობს ცუკერბერგი.

კომპანია Meta-მ (ყოფილმა Facebook-მა) საკუთარ სოციალურ ქსელში რუსული სამთავრობო მედიების მიერ ომის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია აკრძალა, რის გამოც აგრესორმა ქვეყანამ ის "ექსტრემისტ ორგანიზაციად" გამოაცხადა.

ამას Meta არ შეუჩერებია. მან, სხვა მსხვილ ტექნოლოგიურ კომპანიებთან ერთად, დეზინფორმაციასთან ბრძოლა განაგრძო, რის საპასუხოდაც რუსეთმა საკუთარ მოსახლეობას Facebook-ზე წვდომა შეუზღუდა და ისინი ინფორმაციულ ვაკუუმში გამოკეტა. მოქალაქეები ვეღარ იყენებენ პოპულარულ აპლიკაცია Instagram-საც, რამაც არაერთი რუსი ინფლუენსერის წყრომა გამოიწვია.

მართალია, რუსეთის ბაზარი Facebook-ის პლატფორმის სარეკლამო ბიზნესისთვის საკმაოდ პატარაა, თუმცა რეგიონის დატოვება მისთვის მაინც სერიოზული დანაკარგია. შესაბამისად, კომპანიაში სიტუაციის გამოსწორებას ცდილობენ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.