თბილისის მერი, კახა კალაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საკონსტიტუციო სასამართლოში არავინ უჩივის. ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს მიერ გავრცელებული ვრცელი განცხადების მიუხედავად კალაძემ განაცხადა, რომ საერთოდ არ ყოფილა პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვაზე საუბარი.

"თქვენ, სად წაიკითხეთ, უბრალოდ, რომ აპირებს სასამართლოს მიმართოს? ეს განცხადება არავის გაუკეთებია. თქვენ ვერ მაჩვენებთ ვერცერთ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლოს უნდა მიმართოს ქართულმა ოცნებამ, საერთოდ არ ყოფილა ამაზე საუბარი. გაერკვიეთ და შემდეგ დასვით შეკითხვა. გარკვეული რომ იყოთ, ამ შეკითხვას არ დამისვამდით. არავინ უჩივის სალომე ზურაბიშვილს საკონსტიტუციო სასამართლოში", — განაცხადა მან.

თუმცა, მმართველმა გუნდმა მართლა განაცხადა, რომ აპირებს მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და პრეზიდენტის მხრიდან "კონსტიტუციის დარღვევის დადასტურება" მოითხოვოს. ამას წინ უძღოდა პარლამენტში პრეზიდენტის კრიტიკულ გამოსვლა, რასაც მმართველმა გუნდმა კრიტიკული ფეისბუქპოსტით უპასუხა.

პარტიის პოლიტიკური საბჭოს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ გასული თვეების განმავლობაში შედგა არაერთი შეხვედრა მთავრობის წარმომადგენლებსა და ზურაბიშვილს შორის, სადაც მას არაერთგზის განემარტა კონსტიტუციის შინაარსი, თუმცა, მათი თქმით, უშედეგოდ.

"ამ პირობებში, საქართველოს მთავრობა იძულებული ხდება, უახლოეს მომავალში მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციების შესახებ დავის პროცედურის ფარგლებში და საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის დადასტურება მოითხოვოს", — წერს ქართული ოცნება.

ქართულმა ოცნებამ პრეზიდენტს მოუწოდა, ყურადღებით გაეცნოს საქართველოს კონსტიტუციას და კარგად გაიაზროს საპარლამენტო რესპუბლიკის არსი. მათი თქმით, ასეთ შემთხვევაში, ის მომავალში მაინც იქნება დაზღვეული "შეცდომებისა და გადაცდომებისგან".