თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მომავალი კვირიდან თბილისის ბაგა-ბაღები უკრაინის მოქალაქე ბავშვების მიღებას შეძლებენ. მისივე თქმით, მათ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში მიღებისას პრიორიტეტი მიენიჭებათ.

"მინდა, მოგაწოდოთ კიდევ ერთი სიახლე. გადაწყვეტილება, რომელიც საკრებულოსთან ერთად მივიღეთ. აქ ჩარჩენილი უკრაინელი ოჯახების პატარები ჩვეულებრივად შეძლებენ ბაგა-ბაღების მომსახურებით სარგებლობას ყოველგვარი გადასახადების გარეშე", — განაცხადა მან თბილისის მთავრობის სხდომაზე.

გარდა ამისა, კალაძემ აღნიშნა ისიც, რომ უკრაინის დასახმარებლად შექმნის ანგარიშზე მილიონ 117 ათას ლარზე მეტია ჩარიცხული. მისივე თქმით, მომდევნო დღეებში მიიღება გადაწყვეტილება, თუ რა ფორმით გადაირიცხება თანხა უკრაინაში. კალაძე დასძინა, რომ ამაზე პირდაპირი კონსულტაციები უკრაინის საელჩოსთან ექნებათ.

"უკრაინის დასახმარებლად გავხსენით სპეციალური ანგარიში სახაზინო კოდით - 300778800. დღეის მდგომარეობით, აღნიშნულ ანგარიშზე შემოწირული თანხის რაოდენობა მილიონ 117 ათასი ლარია, რაც ძალიან სასიხარულოა. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ კომპანიას და რიგით მოქალაქეებს, ვინც ჩართულია ამ პროცესში. მადლობა მათ მხარდაჭერისთვის", — თქვა მან.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში