2021 წელს ადგილობრივმა ვიზიტორებმა საქართველოში 2,7 მილიარდი ლარი დახარჯეს, რაც გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით 53,6%-ით მეტია. ამის შესახებ საქსტატის კვლევიდან ხდება ცნობილი.

ადგილობრივი ვიზიტორების მიერ გაწეული ხარჯები 2021 წელს კატეგორიების მიხედვით:

  • საყიდლები — 950 მლნ ლარი;
  • საკვები და სასმელი — 657 მლნ ლარი;
  • ტრანსპორტი — 561 მლნ ლარი;
  • განთავსება — 127 მლნ ლარი;
  • გასართობი, გამაჯანსაღებელი, კულტურული და სპორტული ღონისძიებები — 18 მლნ ლარი;
  • სხვა ხარჯები — 399 მლნ ლარი.

საქსტატის კვლევის მიხედვით, 2021 წელს 14,9 მილიონმა ვიზიტორმა 16,9 მილიონი ვიზიტი განახორციელა. ანგარიშში წერია, რომ აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 36,7%-ით მეტია 2020 წლის შესაბამის მონაცემზე.

2021 წელს ყველაზე მეტი ვიზიტი დედაქალაქსა (3,6 მლნ) და იმერეთის რეგიონში (2,9 მლნ) განხორციელდა.

ფოტო: საქსტატი

როგორც კვლევა აჩვენებს, ვიზიტორების 43,9% თბილისის მაცხოვრებელია, 11,5% მოდის ქვემო ქართლის რეგიონზე, 11,3% — იმერეთის, რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები შედარებით დაბალი წილით არის წარმოდგენილი.

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს ვიზიტების უმრავლესობა (46,9%) განხორციელდა მეგობრების/ ნათესავების მონახულების მიზნით, 15,9% მეორე სახლის მონახულების მიზნით გადაადგილდა, ხოლო 13,2%-ის მიზანი შოპინგი იყო.