Rarify ახალი ქართული NFT სტარტაპია, რომელიც კრიპტოვალუტებზე ორიენტირებული ერთ-ერთი დამწყები რისკიანი კაპიტალის კომპანია Pantera Capital-ისგან 10 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოიზიდა $100 მილიონიანი ვალუაციით. აღსანიშნავია, რომ ამ სახის ინვესტიციის დროს სტარტაპი აქციების ნაწილს რისკიან კაპიტალს მიჰყიდის. როგორც ჩანს, Pantera-ის ყურადღება ქართული სტარტაპის პროგრამულმა უზრუნველყოფამ მიიქცია, რომელიც NFT-ების შექმნასა და გაყიდვას ამარტივებს.

Rarify-ის თანადამფუძნებლის, რევაზ წივწივაძის თქმით, სტარტაპის მიზანი ამ პროცესის ისევე გამარტივებაა, როგორც Square ამარტივებს გადახდების მიღებას. "დღეს NFT-ების უდიდეს პლატფორმაზე, OpenSea-ზე შეღწევას 14-ეტაპიანი პროცესის გავლა სჭირდება. გვინდა ეს რიცხვი 3-მდე ჩამოვიყვანოთ", — ამბობს იგი. შორეულ მომავალში კი, Rarify პროგრამული უზრუნველყოფის შექმნაზე ფიქრობს, რომელიც NFT-ების საინვესტიციო ღირებულებას შეაფასებს, ვინაიდან ეს უკანასკნელი არასტაბილური და დაურეგულირებელი აქტივების სახეს ინარჩუნებს.

რევაზ წივწივაძეს Shutterstock-ის პროდუქტების მენეჯერად მუშაობის ხუთწლიანი გამოცდილება აქვს. სწორედ ამ პერიოდში, 2021 წლამდე მიიქცია თავისი მილიარდერი დამფინანსებლის, ჯონ ორინჯერის ყურადღება. Shutterstock-მა Rarify-ის ტექნოლოგიის შემოწმების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, ორინჯერმა კი წივწივაძეს $3 მლნ საწყისი ინვესტიცია გადასცა. მასში მონაწილეობდნენ Greycroft და Einac Ventures კომპანიებიც.

ბოლოს კი უნდა აღინიშნოს, რომ Rarify-ის 14 თანამშრომლიდან 4, მათ შორის სტარტაპის მთავარი ტექნიკური დირექტორი და ინჟინერიის მიმართულების ხელმძღვანელი რუსეთის შეჭრამდეც უკრაინაში ცხოვრობდნენ და დღემდე იქ არიან. უკრაინაში ცხოვრობდა სტარტაპის თანადამფუძნებელი ლაშა ანთაძეც, რომელიც საქართველოში რამდენიმე კვირის წინ დაბრუნდა.

ანთაძის თქმით, ომის მიუხედავად ამ ადამიანებთან კომუნიკაციის შენარჩუნებას მაინც ახერხებენ, თუმცა ეს ბოლო დროს განსაკუთრებით გართულდა, რადგან სტარტაპის თანამშრომლები ომის ორ ყველაზე ცხელ წერტილში — ხარკოვსა და კიევში იმყოფებიან.