ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მოკლე ვიდეოების სერვისი Coub პირველი აპრილიდან მუშაობას წყვეტს, თვის ბოლომდე კი ვებგვერდი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. ვიდეოების გადმოწერა მომხმარებლებმა აპრილამდე უნდა მოასწრონ.

Tech News Space-ის მიხედვით, Coub-ის დახურვის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდის მფლობელი კომპანია Komitet-ის წარმომადგენელმა დაადასტურა. აღსანიშნავია, რომ კომპანია ათი წლის წინ — 2012 წელს ძმებმა ანტონ და იგორ გლადკობოროდოვებმა და მიხაილ ტაბუნოვმა ნიუ იორკში დააარსეს. სერვისი მომხმარებლებს დაუსრულებელი რაოდენობის მოკლე ვიდეოების შექმნისა და მათ პლატფორმაზე განთავსების საშუალებას აძლევს.

2020 წლის დასაწყისში Coub-ს განვითარების ფონდები ამოეწურა, რის შემდეგაც იგი კომპანია Komitet-ს დაექვემდებარა. რამდენიმე თვის შემდეგ კი ამ უკანასკნელის ერთ-ერთმა თანადამფუძნებელმა, ვლად ციპლუხინმა განაცხადა, რომ მას Coub-ის გაყიდვა სურდა, რადგან აღნიშნული სერვისი კომიტეტის განვითარების სტრატეგიას არ შეესაბამებოდა.

რამდენიმე ონლაინ წყაროს უწყებით, 2021 წლის დეკემბერში Coub-ის აუდიტორია თვეში 3 მილიონ მომხმარებელს შეადგენდა. სხვა ვებგვერდებზე ვიდეოების ჩაემბედების ფუნქციით კი პლატფორმას თვეში 5.5 მილიონამდე უნიკალური მომხმარებლის მოზიდვა შეეძლო.

მიუხედავად იმისა, რომ Coub ჯერ კიდევ TikTok-ის გამოჩენამდე დაივიწყა ბევრმა, მას უამრავი ერთგული მომხმარებელი ჰყავს, რომლებიც იმედოვნებენ, რომ ეს უბრალოდ პირველი აპრილისთვის მოფიქრებული ხუმრობაა.