მეცნიერებმა ვარსკვლავთა წყვილი, სახელად SVS 13 შეისწავლეს, რომელიც ჩვენგან 980 სინათლის წლის მოშორებით მდებარეობს. მათ დაადგინეს, რომ იქ შესაძლოა, ერთბაშად 3 პლანეტური სისტემა წარმოიქმნას და თუ ეს მართლაც ასეა, პროცესი უკვე დაწყებულია.

სპეციალისტთა დაკვირვებამ გამოავლინა, რომ თითოეული მნათობის ირგვლივ, ისევე, როგორი ორივეს გარშემო, მტვრისა და აირის დისკოა განლაგებული. მათგან ყველაზე დიდი სპირალური ფორმისაა და შიდა 2 სტრუქტურას მატერიით "კვებავს", რომელიც ციური სხეულების ჩამოსაყალიბებლადაა საჭირო.

ვარსკვლავები მკვრივ მოლეკულურ ღრუბლებში მაშინ ჩნდება, როცა კონკრეტული რეგიონი საკუთარი გრავიტაციის გავლენით კოლაფსს განიცდის, ბრუნვას იწყებს და გარემომცველ მატერიას იზიდავს. ფორმირების დასრულებისას, დარჩენილი მტვრითა და აირით პროტოპლანეტური დისკო იქმნება, რომელშიც პლანეტები, მათი თანამგზავრები, ასტეროიდები, კომეტები და სხვა მსგავსი ობიექტები იბადება.

ეს ცალკეული ვარსკვლავების მაგალითზე ხშირად ხდება (როგორიც მზეა), მაგრამ ერთად შეჯგუფებული პლაზმის ამ უზარმაზარი სფეროების მეტი რაოდენობა შეიძლება ამისთვის არახელსაყრელ გრავიტაციულ პირობებს დაედოს საფუძვლად.

ფოტო: Díaz-Rodríguez et al.

პერსევსის მოლეკულურ ღრუბელში მდებარე SVS 13 ჯერ ძალიან ახალგაზრდაა. ამ ბინარული სისტემის შემადგენელ მნათობებს ერთმანეთისგან კოსმოსური მასშტაბებით მცირე მანძილი,90 ასტრონომიული ერთეული აშორებს, მათი საერთო მასა კი დაახლოებით მზისას უტოლდება.

აღნიშნულ წყვილზე მეტის გასაგებად, მეცნიერებმა Very Large Array-იდ წოდებული ობსერვატორიიდან 30 წლის განმავლობაში მოპოვებული ინფორმაცია ინტერფერომეტრ ALMA-ს ახალ მონაცემებთან შეაჯერეს. მათი გამოთვლებით, პატარა დისკოებიდან ერთ-ერთის მტვრის რადიუსი 12 ასტრონომიული ერთეულია, მეორისა კი — 9. ხოლო აირის რადიუსი ორივე შემთხვევაში 30 ასტრონომიული ერთეულია. თავად უდიდესი სტრუქტურის სპირალური "მკლავები" 500 ასტრონომიული ერთეულის ტოლ მანძილზეა გადაჭიმული.

დაბოლოს, SVS 13 კიდევ იმითაა გამორჩეული, რომ რთულ ორგანულ მოლეკულებს შეიცავს, ანუ იქ გაჩენილ ციურ სხეულებს სიცოცხლის წარმოქმნის პოტენციალი აქვს.

ავტორთა ნაშრომი სამეცნიერო პორტალ arXiv-ზეა ხელმისაწვდომი და მალე გამოცემაში The Astrophysical Journal გამოქვეყნდება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.