სამოქალაქო აქტივისტს, რომელმაც მარნეულში პრორუსული, ჰომოფობიური და ძალადობრივი ალტ-ინფოს ოფისზე ბანერები უკრაინისა და ევროკავშირის დროშის ფერებში შეღება, სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან. მუქარისშემცველი და შეურაცხმყოფელი შეტყობინების ფოტო აქტივისტმა ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა.

ფოტო: ფოტო ბაირამოვას ფეისბუქიდან

გარდა ამისა, ადგილობრივი მედია რადიო მარნეული წერს, რომ მათ ფეისბუქზე გამოქვეყნებულ აქტივისტის ვიდეოზე ათობით სიძულვილის ენის და მუქარის შემცველი კომენტარი დაიწერა.

ბაირამოვამ მუქარაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. როგორც უწყებამ On.ge-ს განუცხადა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას გულისხმობს. ამ ეტაპზე, ბაირამოვა სამართალდამცავ უწყებაშია. On.ge მის კომენტარს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

"დიდად არაფერს ველოდები რადგან ეს არაა პირველი შემთხვევა როცა ჩემს მიმართ მუქარის შემცველ განცხადებებზე არაერთხელ მივმართე პოლიციას, მაგრამ ყველა მცდელობა ჩემი მხრიდან უშედეგოდ დასრულდა", — განუცხადა ბაირამოვამ რადიო მარნეულს.

აქტივისტი, ასევე, წერს, რომ ალტ-ინფოს ხელმძღვანელმა, ჯონი ქოჩქიანმა მას "ზარალისთვის" უჩივლა და 1 200 ლარის ოდენობით კომპენსაციას ითხოვს. შსს-ში განგვიცხადეს, რომ ამ ეტაპზე, ინფორმაციას ვერ მოგვაწვდიან იმაზე, დაიწყო თუ არა გამოძიება ბაირამოვას წინააღმდეგ.