მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვალში რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, მსოფლიოს ყურადღება აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა ქვეყანამ მიიპყრო. მდიდარი ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის მქონე ხალხის ყოველდღიურობით არაერთი ადამიანი დაინტერესდა, რამაც, რასაკვირველია, გაზარდა უკრაინული ენის შემსწავლელთა რიცხვიც.

უკრაინული რომ ნამდვილად გამორჩეული და საინტერესო ენაა, ამაში ქვემოთ ჩამოთვლილი ფაქტებიც დაგარწმუნებთ.

1. უკრაინული რუსულზე ძველი ენაა

ფოტო: Getty Images

მართალია, რუსული უფრო გავრცელებულია, თუმცა, ის, რეალურად, უკრაინული საეკლესიო სასაუბრო ენიდან (საეკლესიო სლავურიდან) წარმოიქმნა და შემდგომში თათრული და ფინური ენებიდან შეითვისა ნაწილები.

2. უკრაინული ენა ჯერ კიდევ IX საუკუნეში იხსენიება

ყველაზე ადრე უკრაინული ენა 858 წელსაა მოხსენიებული, თუმცა, მე-18 საუკუნის ბოლომდე მისი სტატუსი სალიტერატურო ენასთან გათანაბრებული არ იყო. ეს მხოლოდ 1798 წელს მოხდა, როცა უკრაინელი მწერლის, ივან კოტლიარევსკის ეპიკური პოემა, ენეიდა, გამოიცა. სწორედ კოტლიარევსკი მიიჩნევა თანამედროვე უკრაინული სალიტერატურო ენის ფუძემდებლად.

3. უკრაინული ინდოევროპული ენაა

გენეალოგიური კლასიფიკაციით, უკრაინული ინდოევროპული ენების ოჯახში აღმოსავლეთსლავურ ქვეჯგუფს მიეკუთვნება. ამავე ქვეჯგუფში შედიან რუსული და ბელარუსული ენებიც.

4. ყველაზე ახლოს უკრაინულთან ბელარუსული ენა დგას

ფოტო: Naked Science

მიუხედავად იმისა, რომ სლავური ენების ოჯახი უამრავ ენასა და მათ დიალექტებს მოიცავს, უკრაინული იმდენად გამორჩეულია, რომ სხვა ენებთან საერთო არც ისე ბევრი აქვს. ლექსიკური თვალსაზრისით ყველაზე ახლოს მასთან ბელარუსული ენა დგას, რომელთანაც სიტყვების 84 პროცენტს იზიარებს. მას მოსდევს პოლონური 70-პროცენტიანი მსგავსებით, სლოვაკური 68 პროცენტით და რუსული 62 პროცენტით.

5. უკრაინული მსოფლიოში გავრცელებული ენაა

უკრაინული 37 მილიონი ადამიანისათვის მშობლიური ენაა, 15 მილიონისთვის კი — მეორე ენა. ამდენად, მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ენების ჩამონათვალში ის 26-ე ადგილს იკავებს.

6. თანამედროვე უკრაინულს უამრავი დიალექტი აქვს

როგორც ბევრ სხვა გავრცელებულ ენას, უკრაინულიც არ უჩივის დიალექტების ნაკლებობას, თუმცა, მათგან მთავარი სამია: ჩრდილოური, სამხრეთდასავლური და სამხრეთაღმოსავლური.

7. უკრაინულში, დაახლოებით, 256 ათასი სიტყვაა

ფოტო: Getty Images

უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ცნობით, თანამედროვე უკრაინული ენა 250 ათასზე მეტ ერთეულს მოიცავს, რის გამოც კლასიფიკაციით ის წარმატებულად განვითარებულ ენებს განეკუთვნება.

8. უკრაინული ანბანის წიგნი ჯერ კიდევ XVI საუკუნეში დაიბეჭდა

უკრაინული ენის ანბანის შესასწავლი სახელმძღვანელო, რომელსაც Азбука ერქვა, 1576 წელს, ლვივში დაბეჭდა ივან ფედოროვმა.

9. უკრაინულ ენაში მომავალი დროის 3 ფორმა არსებობს

ენის შესწავლისას ერთ-ერთი ყველაზე რთული ნაწილი გრამატიკული დროა. აი, უკრაინულში მომავალი დროის სამი ფორმა არსებობს: მარტივი, შერწყმული და რთული. ზმნას მხოლობითი რიცხვის პირველ პირში, მომავალი დროის იმპერფექტში პრეფიქსის გარეშე სხვადასხვა ფორმა აქვს; მაგალითად, знатиму, говоритиму, робитиму და სხვა.

10. უკრაინული ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ენად მიიჩნევა

1934 წელს, პარიზში ჩატარებულ ენების კონკურსში უკრაინულს, იტალიურის შემდეგ, ყველაზე მელოდიური ენის წოდება მიენიჭა. სხვათა შორის, ამის დასტურად უკრაინული ხალხური სიმღერებიც გამოდგება.