ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრები, პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი, ცოტა ხნის წინ ლონდონში უკრაინის კულტურის ცენტრს ესტუმრნენ და მილიონზე მეტი ლტოლვილისთვის განკუთვნილი დონაციების ორგანიზებაში მიიღეს მონაწილეობა. კემბრიჯის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ რამდენიმე კვირის წინ უკრაინის მხარდამჭერი განცხადებაც გააკეთეს.

სხვადასხვა წყაროდან, მათ შორის დედოფალი ელიზაბეთისგან, მიღებული დონაციები იმ ხუთ საქველმოქმედო ორგანიზაციაზე ნაწილდება, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ წარმოქმნილ ლტოლვილების ახალ ნაკადს ეხმარება.

ცენტრში სტუმრობისას უილიამსა და ქეითს გაერთიანებულ სამეფოში უკრაინის ელჩი, ვადიმ პრისტაიკო, და მისი ცოლი ახლდნენ თან.

სამეფო ოჯახის წევრებს, უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად, სამოსზე ლურჯ-ყვითელი სამკერდეები ეკეთათ. ცენტრში მყოფ მოხალისეებს ისინი შინ მომზადებული ბრაუნითა და გრანოლათიც გაუმასპინძლდნენ.

აღსანიშნავია, რომ ბოლო კვირების განმავლობაში ბრიტანეთის სამეფო ოჯახმა უკრაინაში არსებულ კონფლიქტზე მტკიცე და პირდაპირი განცხადებები გააკეთა. უილიამისა და ქეითის გარდა, რუსეთის ქვეყანაში შეჭრას ამერიკიდან გამოეხმაურნენ პრინცი ჰარი და მეგან მარკლი და საერთაშორისო საზოგადოებასა და ლიდერებს პროტესტისკენ მოუწოდეს. უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა ტახტის პრეტენდენტმა, 73 წლის პრინცმა ჩარლზმაც.

"ჩვენი შვილები რომ შინ ბრუნდებიან, ამ ამბავზე ყველაფერს გვეკითხებიან", — აღნიშნა უილიამმა ცენტრში სტუმრობისას, — "ცხადია, სკოლაში თავიანთ მეგობრებთან ამ თემაზე საუბრობენ".

ფოტო: Steve Parsons / WPA Pool / Getty Images

იმის მიუხედავად, რომ უშუალოდ უკრაინაში არსებულ სიტუაციას დედოფალი საჯაროდ არ გამოხმაურებია, ლტოლვილების დასახმარებლად მან საკუთარი პირადი ქონებიდან გაიღო თანხა და უბედურ შემთხვევათა საგანგებო კომიტეტს შესწირა. ამასთან, რამდენიმე დღის წინ, როცა უინძორების სასახლეში კანადის პრემიერმინისტრ ჯასტინ ტრუდოს უმასპინძლეს, ელიზაბეთ II-ს ლურჯი და ყვითელი ფერის კაბა ეცვა, ლარნაკში კი ასევე ლურჯ-ყვითელი ყვავილების თაიგული იდო.