პრორუსული, პროპუტინისტური, ჰომოფობიური და ძალადობრივი ორგანიზაცია ალტ-ინფოს პარტიის ერთ-ერთი ლიდერი კონსტანტინე მორგოშია უარყოფს, რომ ზურა მახარაძე რუსეთში მიდის, თუმცა არ მალავს, რომ უახლოეს პერიოდში მთელი პარტია აპირებს წასვლას.

"ზურა მახარაძეს აქვს აბსოლუტურად სხვა ამოცანა. რუსეთში არ მიდის, რუსეთში მივდივართ ჩვენ, პარტიული მთელი დელეგაციით უახლოეს პერიოდში. [შეხვედრები] უნდა გავმართოთ რუსეთის იმ პოლიტიკურ წრეებთან, ვისაც ხელეწიფება საქართველო-რუსეთის ურთიერთობის დალაგება", — განაცხადა მან TV პირველთან.

კითხვაზე, თუ ვისთან აპირებენ შეხვედრას, მორგოშია ამბობს, რომ იმ პოლიტიკურ წრეებთან, "ვისაც ხელეწიფება საქართველო-რუსეთის ურთიერთობების დალაგება".

გარდა ამისა, ჟურნალისტმა მას ჰკითხა, ამყარებენ თუ არა მათ პარტიაზე იმედებს, რაზეც მორგოშია პასუხობს, რომ მათ, როგორც ადეკვატურ ხალხს, ისე უყურებენ.

"იმედი რას ნიშნავს არ ვიცი, ჩვენ გვიყურებენ, როგორც ადეკვატურ ხალხს, რომელიც რაციონალურად აზროვნებს და შეუძლია დაალაგოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა [...] ბევრად უფრო სტაბილურად ვიქნებით, ფინანსურადაც და ყველანაირად, იმიტომ, რომ გამოჩნდა ძალიან დიდი ხალხის ის მასა, რომელიც ჩვენ გვიდგას მხარში", — ამბობს ის.

გარდა ამისა, მორგოშია ამტკიცებს იმასაც, რომ ამ აზრს მომხრეები ჰყავს, როგორც საქართველოსა და რუსეთში, ასევე, ევროპაშიც. დამაზუსტებელ შეკითხვაზე, თუ ვინ უჭერს რუსეთიდან მათ იდეას მხარს, მორგოშიას არ დაუკონკრეტებია.

20 ნოემბერს ძალადობრივმა, ჰომოფობიურმა და პრორუსულმა ალტ-ინფომ პარტია დააფუძნა, რომელსაც კონსერვატიული მოძრაობა უწოდეს. პარტიის თავმჯდომარედ 5 ივლისის ძალადობის ერთ-ერთი ორგანიზატორი ზურაბ მახარაძე აირჩიეს.

5-6 ივლისს ჯამში 50-ზე მეტ ჟურნალისტს, სამოქალაქო მოძრაობების ოფისებსა და მშვიდობიან მოქალაქეებს დაესხნენ თავს. ამ მოვლენების გამო სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის ნაწილი შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვს, რადგან მიაჩნიათ, რომ მან მშვიდობიანი მოქალაქეების და ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვა ვერ უზრუნველყო.

აღსანიშნია ისიც, რომ საქართველოს რამდენიმე ქალაქში მათ პარტიის ოფისის გახსნის საშუალება არ მისცეს.