ქართული ოცნების დეპუტატი, ალუდა ღუდუშაური აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ნაციონალური მოძრაობის ბულინგის ქვეშ მოექცა. ასე შეაფასა მან პარლამენტში მოხსენების დროს ზურაბიშვილის მიერ მმართველი პარტიის კრიტიკა.

"მე ვფიქრობ, რომ დაუსაბუთებელი კრიტიკა და უარგუმენტაციო პოზიციონირება დავინახეთ, რაც ჩემთვის პირადად ძალიან სამწუხარო არის, როგორც ჩანს, ქალბატონი, პრეზიდენტი პირდაპირ თუ ირიბად, რაღაცნაირად მოექცა ნაციონალური მოძრაობის ე.წ. ბულინგის ქვეშ, ეს არის ფაქტი", — თქვა მან.

მისივე თქმით, ზურაბიშვილის განცხადებები "რეალობას აცდენილი" იყო და ამას არათუ მმართველი გუნდი, საზოგადოებაც ვერ გაიზიარებს. ამასთან, პრეზიდენტის მიერ ევროპაში სამუშაო ვიზიტების პირადი კონტაქტების გამოყენებით გამართვასთან დაკავშირებით ღუდუშაურმა აღნიშნა, რომ თუ ეს მართალია, ეს შესწავლას საჭიროებს.

დღეს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ 2022 წლის 26 თებერვალს წერილობითი უარი მიიღო ევროპაში სამუშაო ვიზიტების გამართვაზე, რის შემდეგაც საჭიროდ მიიჩნია პირადი კონტაქტების გამოყენება და სამუშაო ვიზიტების პირად შეხვედრებად გადაქცევა. მისი თქმით, ასეთი შეზღუდვები ქვეყნისთვის დამაზიანებელია.