ამსტერდამის რუსულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ განაცხადა, რომ მოსკოვის საპატრიარქოსგან გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღო. ამ ეტაპზე ეს პირველი შემთხვევაა, როცა ევროპული ქვეყნის მართლმადიდებლური ეკლესია უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთთან კავშირს წყვეტს.

"სასულიერო პირებმა ერთხმად განაცხადეს, რომ მოსკოვის საპატრიარქოს ფარგლებში ფუნქციონირება უკვე შეუძლებელია და ასე მორწმუნეებისთვის სულიერად უსაფრთხო გარემოს ვერ შექმნიან. ეს გადაწყვეტილება ძალიან მტკივნეულია და თითოეული სასულიერო პირისთვის რთული მისაღები იყო", — ვკითხულობთ ამსტერდამის რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალურ ვებგვერდზე.

რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურმა, პატრიარქმა კირილემ, ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინაში შეჭრა არ დაგმო და უკრაინა "ბოროტ ძალადაც" მოიხსენია. გასულ კვირას ქადაგებაში პატრიარქმა კირილემ ისიც აღნიშნა, რომ უკრაინის ომის მიზეზი ქვეყანაში ორგანიზებული გეი პრაიდები იყო.

ფოტო: AP

ამსტერდამის რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირებმა განაცხადეს, რომ მათ სურთ, შეუერთდნენ კონსტანტინოპოლის მსოფლიოს საპატრიარქოს სტამბოლში არსებულ ფილიალს, რომელიც რუსეთის ეკლესიის მთავარ მეტოქედ განიხილება.

"ჩვენ პატრიარქ კირილეს ომის შეწყვეტა ვთხოვეთ, მაგრამ ეს არ მოხდა", — ნათქვამია ამსტერდამის ეკლესიის YouTube გვერდზე განთავსებულ ვიდეომიმართვაში. ეს განცხადება ეწინააღმდეგება რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალურ პოლიტიკას, რომლის მიხედვითაც სიტყვები "ომი" და "შეჭრა" უკრაინაში რუსეთის ქმედებების აღსაწერად არ გამოიყენება.

რუსეთის შეჭრა უკრაინაში სხვა ქრისტიანმა რელიგიურმა ლიდერებმაც გააკრიტიკეს, მათ შორის კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომე I-მა და პაპმა ფრანცისკემ, რომელმაც გასულ კვირას რუსეთის ქმედებები დაგმო და განაცხადა რომ "შეიარაღებული აგრესია" უნდა შეჩერდეს.