ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა ლაზერის სხივის მსგავსი ნაკადი დააფიქსირა, რომელიც ახალდაბადებული ვარსკვლავის მიერაა გამოტყორცნილი.

ევროპის კოსმოსური სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული სურათი მოწითალო, ნათელ სტრუქტურას გვიჩვენებს, რომელიც განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფი მნათობისგან მომდინარეობს. ეს ჭავლი სივრცეში ზებგერითი სიჩქარით გადაადგილდება და გზად შემხვედრ აირთან/მტვერთან ურთიერთქმედებს. სწორედ ამის შედეგად იძენს ის ფოტოზე გამოსახულ სიკაშკაშეს.

ფოტო: ESA/

ასეთ ნაკადებს ასტრონომები ჰერბიგ-აროს ობიექტებს უწოდებენ, რომლის მაგალითსაც სურათზე ვხედავთ. ამგვარი იონიზებული აირი ჰაბლის ტელესკოპს აქამდეც გადაუღია. კერძოდ, HH34-ის სახელით ცნობილი რეგიონი, რომელსაც ის 1994-2007 წლებს შორის აკვირდებოდა, 2015 წელს კი ხელსაწყომ ჭავლი გამორჩეულად მაღალი გარჩევადობით აღბეჭდა.

HH34 ჩვენგან 1 250 სინათლის წლის მოშორებით, ორიონის მოლეკულური ღრუბლის კომპლექსში მდებარეობს. ეს უკანასკნელი ჰაბლის ობიექტივში ასევე არაერთხელ მომხვდარა. ის ვარსკვლავების წარმომქმნელ არეალებს შეიცავს, ამიტომ მეცნიერთა განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია.

სპეციალისტთა განცხადებით, ახალი მონაცემები ჯეიმს ვების კოსმოსურ ტელესკოპს სამომავლო მეცნიერულ დაკვირვებებში დაეხმარება. ის პროტოვარსკვლავებს უკეთ შეისწავლის, რადგან მათ გარემომცველ მტვრის გარსში ინფრაწითელი სპექტრის ხედვის წყალობით "შეაღწევს" და შიგნით არსებულ გარემოს უკეთ გააანალიზებს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.