ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ 2011 წელს სწორედ წერილით ამცნო საზოგადოებას. მისი პირველი წერილი 2011 წლის 7 ოქტომბერს გამოქვეყნდა და ის 1 985 სიტყვას შეიცავდა. პირველ წერილს მალევე, რამდენიმე დღეში მოჰყვა მეორე - 3 983 სიტყვა. ყველაზე მოკლე წერილი უკვე ყოფილმა პრემიერმა ივანიშვილმა 2013 წლის ნოემბერში გამოაქვეყნა. 1 111-სიტყვიანი წერილით მან თავისი მოღვაწეობა შეაჯამა და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გამოაცხადა. წერილის სათაური "პოსტსკრიპტუმი" იყო.

2016 წლის 30 მაისს გამოქვეყნებულ წერილს ბიძინა ივანიშვილი წინა წერილების ციტატებით იწყებს. წერილი კი შემდეგ ქვეთავებადაა დაყოფილი:

  • სად ვიყავით
  • სად ვართ
  • ვალების ეკონომიკიდან - ინვესტიციების ეკონომიკისკენ
  • საით მივდივართ
  • როგორ სახელმწიფოს ვაშენებთ
  • ქვეყნის საგარეო კურსი და ორიენტირები
  • წარსულში დაბრუნების საფრთხე
  • რა მიზანი მაქვს

ივანიშვილის წერილის დაყოფა სამ პირობით ნაწილად შეიძლება. On.ge გთავაზობთ ყოფილი პრემიერმინისტრის წერილის მოკლე მიმოხილვას.

წარსული

ბიძინა ივანიშვილი წერილს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდით იწყებს. 22-გვერდიან დოკუმენტში წარსულზე საუბარს მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა. ავტორი დეტალურად მიმოიხილავს, თუ რა პრობლემები არსებობდა ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს:

ძალაუფლებით გათავხედებული სააკაშვილის კლანი განუსაზღვრელი ვადით გეგმავდა ხელისუფლებაში დარჩენას

ბიძინა ივანიშვილი

“ერთ დიდ ციხედ გადაქცეული მთელი ქვეყანა, ასეულობით ათასი პატიმარი და პრობაციონერი იმას ნიშნავდა, რომ ლამის მთელი მოსახლეობა პატიმრების ჭირისუფლად იყო ქცეული და ციხის კარს შეჰყურებდა. ტოტალური მოსმენები, თვალთვალი, ფარული გადაღებები, დასმენა და შანტაჟი ჩვეულებრივ მოვლენად აღიქმებოდა. ხელისუფლება სრულად აკონტროლებდა მედიას და ისიც ამბობდა და აჩვენებდა მხოლოდ იმას, რასაც კარნახობდნენ. ქვეყანას მძიმე ტვირთად აწვა ელიტური კორუფცია, ერთ პატარა ჯგუფს ყველაფრის უფლება ჰქონდა, დანარჩენს - არაფრის. ადამიანები დაშლილ ტელეფონებს მალავდნენ და საკუთარ ოჯახებშიც კი ჩურჩულით საუბრობდნენ. ვისაც ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ დამოკიდებულებას შეატყობდნენ, სამსახურებიდან აგდებდნენ, ქონებას ართმევდნენ, ცემდნენ, აპატიმრებდნენ, ციხეში სასტიკად აწამებდნენ და თუ საჭიროდ მიიჩნევდნენ, კლავდნენ კიდეც!”

ყოფილი პრემიერი მიიჩნევს, რომ “ძალაუფლებით გათავხედებული სააკაშვილის კლანი” განუსაზღვრელი ვადით გეგმავდა ხელისუფლებაში დარჩენას. მისივე თქმით, ნაციონალები ხალხს “ყველაფრის მკადრებელ ზომბებად” წვრთნიდნენ:

“ისინი არავის ინდობდნენ, ვისი ავტორიტეტიც ამ მიზნის განხორციელებაში ხელს უშლიდა და ამიტომ ებრძოდნენ ასე თავგამოდებით პატრიარქსაც და მთლიანად ეკლესიას”.

ივანიშვილი ასევე წერს, რომ “სიცრუის მანქანამ” ჩაითრია არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ისე, რომ მათი კონტროლი ცენტრალურ ოფისებსაც კი უჭირდათ და მათ ნაციონალური მოძრაობა მართავდა, “ასეთი რეციდივი კი, ახლაც შეიმჩნევა”.

აწმყო

ბიძინა ივანიშვილის თქმით, ქართულმა ოცნებამ სააკაშვილს ხელისუფლება უსისხლოდ დაათმობინა, რის შედეგადაც ძალიან ბევრი მიმართულებით ქვეყანა გაუმჯობესდა. მაგალითად, როგორც ივანიშვილი ამბობს, სასამართლო ხელისუფლების წნეხისგან თავისუფალია, სასამართლო დამოუკიდებულია, პოლიცია - დეპოლიტიზებული, მედია - თავისუფალი.

“პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, მთავრობას საკუთარი ტელევიზია არ გააჩნია”, - წერს ყოფილი პრემიერი წერილში, რომელიც მისი შვილის, ბერა ივანიშვილის ტელეარხის ვებგვერდზე დღეს, 30 მაისს გამოქვეყნდა.

ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი

ფოტო: არასამთავრობო ორგანიზაცია მოქალაქე

როგორც საქართველოს ყველაზე მდიდარი მოქალაქე ამბობს, ბიზნესმა მოიშორა სახელისუფლო წნეხი და ყველაზე კრიტიკული მედიაც კი ვერ საუბრობს ბიზნესის შევიწროებაზე:

“ახალი მთავრობის პრიორიტეტი გახდა ისეთი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა, რომლის შედეგიც ხელმისაწვდომი იქნება მოსახლეობის ყველა ფენისათვის”.

ბიძინა ივანიშვილი ხელმისაწვდომ უპროცენტო სესხებზეც ამახვილებს ყურადღებას:

“ფაქტობრივად ყველას, ვისაც ამის სურვილი და საფერმერო მეურნეობის ჩამოყალიბების რეალური პროექტი აქვს, სახელმწიფო უზრუნველყოფს გრძელვადიანი უპროცენტო სესხებით”.

ყოფილი პრემიერი თავისი პოლიტიკური გუნდის მიღწევას მაქსიმალურ შედეგად აფასებს:

“საქართველოს მთავრობამ მაქსიმალურ შედეგს მიაღწია. ცხადია, 3-4 წელიწადში ის ვერ შეძლებდა იმის გაკეთებას, რასაც თხუთმეტი წელი სჭირდება, მაგრამ ნამდვილად მყარი საფუძველი მოამზადა მდგრადი განვითარებისთვის”.

მომავალი

ბიძინა ივანიშვილი მომავალზე საუბარს იწყებს ციტატით მერვე საუკუნეში დაწერილი აბო ტფილელის ცხოვრებიდან: “ბევრი გაჭირვება გვადგას ქართველებს, ვირხევით როგორც ლერწამი ძლიერ ქარში, მაგრამ ცხოვრების წესს მაინც არ ვიცვლით და ვაგრძელებთ “ჩვეულებისაებრ მამულისა სლვასო”.

ყოფილი პრემიერი საქართველოს ტოლერანტულობას უსვამს ხაზს და მაგალითად მოაქვს თბილისის ძველ უბანში მეჩეთის, სინაგოგასა და ეკლესიის ერთ სივრცეში არსებობა, ასევე სკოლები, სადაც მუსლიმები და ქრისტიანები ერთად სწავლობენ. ივანიშვილის თქმით, საქართველომ სწორედ ამ მენტალიტეტით უნდა შეძლოს გადარჩენა ისეთ რთულ პერიოდში, როცა ტერორიზმის საფრთხე ყველას ემუქრება.

ჩვენი და საერთაშორისო ორგანიზაციების გათვლებით, საქართველოს ეკონომიკა 2030 წლისთვის საბოლოოდ გაიმართება წელში და განვითარებული ქვეყნების რიგში ჩავდგებით

ბიძინა ივანიშვილი

ივანიშვილს თავის წერილში არც ხუმრობა დავიწყებია: “ნახევრად ხუმრობით ვიტყვი, თუმცა, შეიძლება, ეს არც ისე შორს იყოს სიმართლისაგან - სადაც კი ადამიანმა ნავი გათალა, მაშინვე სხვა ქვეყნებს მიაშურა. ნავმა მხოლოდ ქართველი მიაჯაჭვა საკუთარ მიწა-წყალს, რადგან ჩვენი წინაპრისთვის ნავი საწნახელი იყო, რაშიც ღვინოს წურავდა და სხვაგან წასვლას, შინ სტუმრის ლოდინს ამჯობინებდა”.

ბიძინა ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ ქართული ეკონომიკა 10-15 წელიწადში ევროპულის მსგავსი იქნება: “ჩვენი და საერთაშორისო ორგანიზაციების გათვლებით საქართველოს ეკონომიკა 2030 წლისთვის საბოლოოდ გაიმართება წელში და განვითარებული ქვეყნების რიგში ჩავდგებით”.

ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ საქართველო აუცილებლად უნდა ისწრაფოდეს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ, თუმცა მისი აზრით, “დასავლური კურსი არ ნიშნავს, რომ პატივისცემით არ მოვექცევით მეზობლებს”.

ივანიშვილის 41 023-სიმბოლოიანი ტექსტი კვლავ წარსულში დაბრუნების საფრთხეზე საუბრით სრულდება, თუმცა, ის მოსახლეობას აიმედებს: “გამოვიყენებ მთელ ჩემს რესურსს, რათა დროის უკან შემობრუნება ვერ შეძლონ და ქვეყანა ისევ საკუთარი სადისტური ექსპერიმენტების ლაბორატორიად არ გადააქციონ”.

ბიძინა ივანიშვილი თავის გეგმებზე უფრო ვრცლად საუბარს აპირებს ხუთშაბათს, 2 ივნისს, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და რადიო თავისუფლების ერთობლივ გადაცემაში ინტერვიუ, რომლის წამყვანიც ჟურნალისტი სალომე ასათიანია.