24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ომი წამოიწყო, რომელიც დღემდე გრძელდება. რუსეთის აგრესიას უამრავი ცნობილი ადამიანი, მათ შორის მწერლებიც გამოეხმაურნენ. მათმა დიდმა ნაწილმა უკრაინას მხარდაჭერა ღიად გამოუცხადა, თუმცა მათ რიცხვს ცნობილი ბრაზილიელი ავტორი პაულო კოელიო არ მიეკუთვნება.

პაულო კოელიომ 11 მარტს ტვიტერზე უკრაინაში მიმდინარე ომს "კრიზისი" უწოდა და საკუთარი განცხადებით საზოგადოების უდიდესი ნაწილი გაანაწყენა:

"უკრაინის კრიზისი რუსოფობიისთვის ხელსაყრელი მიზეზია... ლვოვში, კიევში, ოდესაში, იალტაში, ჩერნობილში ვარ ნამყოფი. მოსკოვიდან ვლადივოსტოკში მატარებლით 10 000 კილომეტრი გავიარე. კი, ომი მიმდინარეობს, მაგრამ რიგით მოქალაქეებს ნუ ადანაშაულებთ", — განაცხადა მწერალმა.

მწერლის განცხადებამ მისი გამომწერების უმრავლესობა გააღიზიანა. მათ კოელიოს ტვიტს უკრაინაში დაღუპულებისა და დაშავებულების, მათ შორის, ბავშვების ფოტოებით უპასუხეს. მათ შორის პოლონეთის პარლამენტის წევრი მიხალ შჩერბაცაა:

"კრიზისი? ეს ომია! ეს აგრესიაა! ეს რუსეთის ოკუპაცია და უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი ხოცვაა. სწორი სიტყვები გამოიყენეთ, ბატონო მწერალო და ბოდიში მოიხადეთ", — განაცხადა შჩერბამ.

"როგორც ბრაზილიელს, იმის თქმა შემიძლია, რომ ამ მწერალმა და სხვა უამრავმა ბრაზილიელმა ფსევდო-ინტელექტუალმა არაფერი იციან უკრაინის ისტორიასა და რუსეთსა და უკრაინას შორის განსხვავებაზე. სინამდვილეში, ისინი ცდილობენ, გამამართლებელი საბუთები იპოვონ იმ პოლიტიკოსების შეცდომების მისაჩქმალად, რომელთაც მხარს უჭერენ", — პასუხობს ერთ-ერთი ბრაზილიელი გამომწერი კოელიოს განცხადებას.