სიყვარულს წინ ვერაფერი აღუდგება, მათ შორის ვერც ომი და ამის ცოცხალი მაგალითი ფრანგი მარკო კულაა, რომელმაც უკრაინაში ჩარჩენილი შეყვარებულის გადასარჩენად 2 700 კილომეტრზე მეტი გაიარა.

მაშინ, როცა უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო უკრაინა 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა, 35 წლის, პროფესიით მცხობელი მარკო მათ საპირისპიროდ, უკრაინისკენ გაემართა, რადგან იქ მყოფი შეყვარებული, 25 წლის ვლადისლავა გადაერჩინა.

"ძალიან შეშინებული ვიყავი, მაგრამ ჩემი შეყვარებულის გამოც მეშინოდა, ამიტომ ადრენალინმა და სიყვარულმა მის მოსაძებნად საჭირო ძალა და სიმამაცე მომცა... ხანდახან სიყვარულისთვის ყველაფერზე ხარ წამსვლელი", — ამბობს მარკო.

როგორც კი გაიგო, რომ რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, მარკომ ზურგჩანთა, ღამის ხედვის სათვალე და სხვა საჭირო ნივთები იყიდა. საფრანგეთიდან პოლონეთი-უკრაინის საზღვრამდე ავტობუსით მივიდა, შემდეგ მატარებლით და როგორც იქნა, ვლადისლავას მშობლიურ ზაპოროჟიესაც მიადგა.

მიუხედავად იმისა, რომ შეყვარებულამდე სულ ცოტა მანძილი აშორებდა, ვლადისლავას სოფელში შეღწევა ოკუპანტების გამო თითქმის შეუძლებელი იყო. სწორედ ამიტომ მარკომ გადაწყვიტა, რომ გზა ტყეში გაეკვლია და ვლადისლავას სახლამდე დარჩენილი 45 კილომეტრი ტყით გაევლო.

"ხშირად დავრბივარ და კარგ ფორმაში ვარ, ამიტომ გადავწყვიტე, რომ მის სოფლამდე მისაღწევად საუკეთესო გზა ტყის გავლა იქნებოდა, რათა შემდეგ გადამერჩინა და საფრანგეთში წამომეყვანა", — ასე ახსნა საკუთარი გადაწყვეტილება კაცმა.

თუმცა მარკოს გეგმები მალევე აერია. ზურგჩანთითა და ღამის ხედვის სათვალით აღჭურვილი კაცი მალე უკრაინელმა ჯარისკაცებმა შენიშნეს და ის რუსი ჯაშუში ეგონათ. იქიდან გამომდინარე, რომ მარკომ რუსულად მხოლოდ რამდენიმე სიტყვა იცოდა, უკრაინელების ეჭვების გაქარწყლება საკმაოდ რთული აღმოჩნდა.

საბოლოოდ სოფელში ფრანგულად მოლაპარაკე ადამიანი იპოვეს და სიმართლეც მალევე გაირკვა. მარკომ უკრაინელების დასახმარებლად იქვე მდებარე ქარხანაში დაიწყო მუშაობა, რადგან ვლადისლავამ შეყვარებულთან შესახვედრად ავტობუსით წამოსვლა უნდა მოახერხოს, რაც ამჟამად რთულია.

"როცა ტელეფონით ვისაუბრეთ, მითხრა, რომ დასაფიქრებლად მეტი დრო სჭირდება. იმედი მაქვს, ჩემთან ერთად საფრანგეთში დაბრუნება უნდა და ჩვენი სიყვარული ტრაგედიად არ იქცევა", — ამბობს მარკო.