პირველ არხთან ინტერვიუში გერმანიის ელჩი, ჰუბერტ ქნირში აცხადებს, რომ მისი აზრით, საქართველოს მთავრობა მოქმედებს მკაფიოდ და აუცილებელი სიფრთხილით, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციებში ძალიან ნათლად გამოდის რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ.

"თავის დასავლელ პარტნიორებთან ერთად საქართველო იყო გაერო-ს რეზოლუციის ინიციატორი. ვხედავთ, რომ საქართველო ბევრს აკეთებს უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად და მას მოუწევს კიდევ სხვა ამოცანების შესრულება.

ვნახეთ, რომ დაიკეტა ვითიბი ბანკი. ეს იყო მნიშვნელოვანი და კარგი ღონისძიება, რათა თავიდან იქნეს აცილებული ევროკავშირის და აშშ-ს სანქციების გვერდის ავლა საქართველოს მეშვეობით და ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის", — განაცხადა ქნირშმა.

პირველი არხის ინფორმაციით, ელჩმა აღნიშნა ისიც, რომ ევროკომისია უკრაინის, საქართველოს, მოლდოვის განაცხადს ერთდროულად განიხილავს და სამივე ქვეყანასთან მიმართებით ერთნაირად იმოქმედებენ. მისივე თქმით, მთავარ გამოწვევას წარმოადგენს საქართველოს ნამდვილ ევროპულ ქვეყნად გარდაქმნა, რომელსაც ექნება ევროპული ცხოვრების სტანდარტი.

"სამუშაო ადგილები, ევროპული განათლების შანსები, ევროპული საკანონმდებლო სისტემა და ასე შემდეგ. ეს არის საკითხები, რომლებიც უბრალოდ ბრიუსელში კი არ წყდება, არამედ რომლებიც აქ, საქართველოში უნდა გაკეთდეს. ჩვენ, ევროპელი პარტნიორები მზად ვართ, აქტიურად დავეხმაროთ ამაში ქვეყანას, მაგრამ ცვლილებები ქვეყანაში მნიშვნელოვან წილად თავად საქართველოს მოსახლეობამ და მთავრობამ უნდა განახორციელონ", — განაცხადა ელჩმა.

ქნირშმა ისაუბრა საქართველოში ჩამოსულ რუსეთის მოქალაქეებზეც. მისი აზრით, ქვეყანა, რომელიც ისწრაფვის ევროკავშირისკენ და, რომელსაც "ისეთი ღირებულებები აქვს, როგორც საქართველოს, სადაც სტუმართმოყვარეობას დიდად აფასებენ", მიიღებს ადამიანებს, მისცემს მათ საშუალებას აქ "რაღაც პერიოდით იცხოვრონ". მისი თქმით, საქართველომ უნდა მიიღოს პუტინის წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანები პოლიტიკის თუ მედიის სფეროდან.

"მათი სიტუაცია, რა თქმა უნდა, განსხვავდება უკრაინელების სიტუაციისაგან, მაგრამ ტრაგიკული იქნებოდა, თუ საქართველოში რუსეთიდან შემოსულ ამ ადამიანებს ვინმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან თავს დაესხმება იმის გამო, რომ სჭირდება ვინმე, ვისაც აჩვენებს თავის სიბრაზეს პუტინისა და მისი პოლიტიკის მიმართ.

მე მგონია, კარგი იქნება, რომ საქართველოში შემოუშვან ის ადამიანები, რომლებიც აქტიურად საქმიანობდნენ რუსეთში პუტინის წინააღმდეგ პოლიტიკაში თუ კრიტიკულ მედიაში, უფლება მისცენ მათ, საქართველოში ჩამოვიდნენ და აქ არ უნდა იყოს პრობლემები. ევროპული ქვეყნები, ევროკავშირის ასოცირებული სახელმწიფოები იღებენ პოლიტიკურ დევნილებს და ამაზე სრული თანხმობა არსებობს", — განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში