საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტი ირანის ისლამურ რესპუბლიკაში დაიწყო. კვირიკაშვილს ირანის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ესჰაყ ჯაჰანგირმა უმასპინძლა.

ირანის სამთავრობო კომპლექსში საქართველოს მთავრობის მეთაურის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა და შესრულდა საქართველოსა და ირანის ისლამური რესპუბლიკის სახელმწიფო ჰიმნები.

დაგეგმილია კვირიკაშვილისა და ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტ ჰასან რუჰანისის შეხვედრაც.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მხარეები რამდენიმე დოკუმენტზე ხელს მოაწერენ. გაფორმდება ურთიერთგაგების მემორანდუმები საქართველოსა და ირანის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის სამინისტროებს, ასევე - ირანის კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის.