11 მარტის ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა.

დღეს დადგენილი კურსის მიხედვით, ერთი დოლარის ღირებულება 3,2308 ლარი გახდა, რაც აქამდე მოქმედ კურსთან შედარებით 8,81 თეთრით გამყარებას ნიშნავს.

რაც შეეხება ევროს, ამ ვალუტასთან მიმართებით ლარი 11,2 თეთრით გამყარდა და ერთი ევრო 3,5487 ლარს გაუტოლდა.

აღსანიშნავია, რომ ეროვნულმა ბანკმა 9 მარტს სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და 39 570 000 აშშ დოლარი გაყიდა — ამის უმთავრესი მიზანი ლარის კურსის მერყეობის შემცირებაა.

რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის შემდეგ ლარი დოლართან მიმართებით 21,46 თეთრით, ხოლო ევროსთან 12,38 თეთრით არის გაუფასურებული.

სებ-ის მიერ დღეს დადგენილი გაცვლითი კურსი ხვალ, 12 მარტს შევა ძალაში.