უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო Disney-მ გადაწყვიტა, რომ რუსეთში ყველა ბიზნესი შეაჩეროს. Disney-მ რუსეთის კინოთეატრებში ფილმების ჩვენებაზე უკვე უარი თქვა, კომპანიის ბოლო განცხადება კი რუსეთის მიმართ დაწესებულ ახალ შეზღუდვებს ეხება.

"უკრაინაზე დაუნდობელი თავდასხმისა და მზარდი ჰუმანიტარული კრიზისის გათვალისწინებით, ჩვენ ახალ ნაბიჯებს ვდგამთ, რათა რუსეთში ყველა ბიზნესი შევაჩეროთ. გარდა ფილმებისა ეს ეხება, Disney Cruise Line-ის აქტივობებს, National Geographic-ის ჟურნალს, მასთან დაკავშირებულ ტურებსა და სატელევიზიო მაუწყებლობას.

მიუხედავად ამ გადაწყვეტილებისა, პატივს ვცემთ რუს კოლეგებს და ისინი სამუშაოს არ დაკარგავენ. ამასთანავე, ვთანამშრომლობთ სხვადასხვა ორგანიზაციასთან, რათა კრიზისის შედეგად დაზარალებულ ლტოლვილებს დავეხმაროთ", — ვკითხულობთ Disney-ს ოფიციალურ განცხადებაში.

ფოტო: Getty Images

Disney შეუერთდა იმ მედია საშუალებებსა და გასართობ კომპანიებს, რომლებიც რუსეთში თავიანთ საქმიანობას აჩერებენ. ამის ერთ-ერთი მიზეზი რუსეთის მთავრობის მიერ მიღებული ახალი კანონია, რომლის მიხედვითაც "ცრუ ინფორმაციის" გავრცელებისთვის ჟურნალისტები მკაცრად დაისჯებიან. Disney-სა და სხვა დიდ კომპანიებს არ სურთ, რომ მათი ჟურნალისტები რუსეთის მთავრობამ "ცრუ ინფორმაციის" გავრცელებაში დაადანაშაულოს.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის ბაზარი უკვე დატოვა ისეთმა მსხვილმა გასართობმა კომპანიებმა, როგორებიცაა Amazon, Netflix და WarnerMedia.