პარლამენტის 21 აპრილის პლენარულ სხდომაზე, დეპუტატებმა მესამე მოსმენით განიხილეს და 89 ხმით არცერთის წინააღმდეგ დაამტკციეს საკანონმდებლო პაკეტი, საგზაო მოძრაობის შესახებ. კანონი ოფიციალურად 2017 წლის 1 ივნისიდან ამოქმედდება.

კერძოდ, კანონპროექტი გულისხმობს უკონტაქტო პატრულირებასა და მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემის შემოღებას.

პროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ თითოეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომელიც მართვის მოწმობის მფლობელის მიერ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში იქნება ჩადენილი, გამოიწვევს მართვის მოწმობაზე მინიჭებული 100 ქულიდან სამართალდარღვევის ტოლფასი ქულის გამოკლებას.

კალენდარული წლის განმავლობაში სამართალდარღვევების გამო ქულების 0-მდე შემცირება მართვის უფლების შეჩერებას გამოიწვევს და მართვის უფლების მისაღებად პირი იძულებული იქნება, გამოცდა ხელახლა ჩააბაროს. ხოლო, კალენდარული წლის განმავლობაში ქულების 0-მდე განმეორებით შემცირების შემთხვევაში სამართალდამრღვევს არ ექნება უფლება გავიდეს მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე მართვის უფლების შეჩერებიდან 1 კალენდარული წლის გასვლამდე.