რუსეთ-უკრაინის ომზე გაკეთებული თორნიკე რიჟვაძის განცხადებების გამო,ოპოზიციას აჭარის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება სურს და პროცედურას იწყებს. ასევე ითხოვენ რიჟვაძის გადადგომას და მოუწოდებენ კოლეგებს, შეუერთდნენ.

"ომის დაწყებიდან 2 კვირის შემდეგაც კი რუსეთს აგრესორად და ოკუპანტად თორნიკე რიჟვაძე ვერ ასახელებს. მის Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტით, ირკვევა, რომ ის 2008 წლის აგვისტოს ომში საკუთარ ქვეყანას, საკუთარ სამშობლოს ადანაშაულებს. მისი ეს განცხადებები წინააღმდეგობაშია ქართველი ხალხის და ჩვენი სახელმწიფოს ინტერესთან. მან, რა თქმა უნდა, უნდა დატოვოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტი", — თქვა ენმ-ს წევრმა გიორგი კირთაძემ.

როგორც ლელოს წევრი ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ იწყებენ პეტიციის დოკუმენტის შექმნას, რომლითაც დაინიცირდება და გაძლიერდება თორნიკე რიჟვაძის გადაყენების პროცესი.

"აჭარის უმაღლეს საბჭოში უნდობლობის პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, აქ, ამ რეგიონში არსებული ოპოზიციური პარტიები ერთობლივად ვიწყებთ ეროვნული თანხმობის და ეროვნული პეტიციის დოკუმენტის შექმნას, რომლითაც დაინიცირდება და გაძლიერდება თორნიკე რიჟვაძის გადაყენების პროცესი.

ჩვენი მიზანია, ქართული ოცნების დეპუტატებს, ადგილზე მყოფებს, შერცხვენილებს დავეხმაროთ გადაწყვეტილების მიღებაში, რომ თორნიკე რიჟვაძე არ წარმოადგენს დღეს აჭარის მოსახლეობის პოზიციას, მათ განცდებს, მათ სურვილებს უკრაინასთან თუ ჩვენს სამშობლოსთან მიმართებით", — თქვა მან ბრიფინგზე.

7 მარტს რიჟვაძემ პირდაპირ არ უპასუხა კითხვას, ვინ დაიწყო ომი უკრაინაში და თქვა, რომ ამისთვის ჟურნალისტებმა საერთაშორისო სასამართლოს ან დარგის ექსპერტებს უნდა მიმართონ.

კრიტიკის შემდეგ, Facebook-ზე ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, თუმცა არც ამჯერად თქვა რომ ომი რუსეთმა დაიწყო. რიჟვაძის აზრით, "შესაბამისი პასუხი" გასცა ჟურნალისტის "რიტორიკულ-პროვოკაციულ" კითხვას, ვინ დაიწყო რუსეთ-უკრაინის ომი.

მან ასევე დასვა რიტორიკული კითხვა, უნდა უპასუხოს თუ არა "ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე ხელმომწერების, 2008 წლის ომის დაწყებაში საქართველოს ბრალმდებელი პარტიისა და მათი ტელევიზიების მიერ დასმულ პროვოკაციულ კითხვას" სერიოზულად.