სანამ ადამიანების უმეტესობას ღრმად სძინავს, ზოგიერთი ინტროვერტი მშვიდ ცხოვრებას აგრძელებს სიჩუმესა და მარტოობაში. ასეთი ადამიანები ეჭვქვეშ აყენებენ ფსიქოლოგიის ძირითად დაშვებას, რომ ყველა ადამიანს სჭირდება სოციალური კავშირები.

წარმოიდგინე, რომ ღამეა. შენ საბნის ქვეშ წრიალებ და შუქის ასანთებად დგები, ამ დროს კი მეზობლების, მანქანებისა და გვერდით მძინარე პარტნიორის ხვრინვის ხმა ერთმანეთს ენაცვლება. ყველაფრის მიუხედავად, სიჩუმეა. შეიძლება ისეთი შეგრძნებაც გქონდეს, თითქოს მთელი სამყარო შენთან ერთად უჩინარდება.

გვიან ღამით, როცა ადამიანების უმრავლესობას ღრმად სძინავს, ულტრაინტროვერტებს აღზევების ხანა უდგათ: ისინი დადიან სამსახურებში, მანქანებით მოძრაობენ, მორიგეობენ 24-საათიან მაღაზიებში. ამ პარალელურ სამყაროში იშვიათად არის ხალხმრავლობა, უხერხული აურზაური და მოულოდნელი შეხვედრები გამვლელებთან. მზის ამოსვლისას "ღამის ადამიანები" იძინებენ.

ყველა მათგანს სულაც არ სურს ასე ცხოვრება და ხშირად ამის მიზეზი უძილობა ან ღამის ცვლაში მუშაობაა, თუმცა ნაწილი კმაყოფილია ამ რუტინით. ისინი სიამოვნებით ფხიზლობენ ღამღამობით და მოსწონთ, რომ საკუთარ თავთან მარტო რჩებიან. მათი ღამეები ჯადოსნური, ღრმა და მარტოსულია.

ფსიქოლოგების აზრით, ადამიანები თავისთავად სოციალური არსებები არიან; სხვებთან კონტაქტი მხოლოდ სურვილი კი არა, საჭიროებაა, ხოლო მისი ნაკლებობა ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემებს იწვევს. "ღამის ადამიანები" სოციალურობის აუცილებლობას საერთოდ ვერ გრძნობენ.

"მიცდია ჩვეულებრივი რეჟიმით მუშაობა, თუმცა ადრე გაღვიძებას, სამსახურში ზუსტ დროს გამოცხადებასა და ყოველთვის ხალხში ტრიალს ვერ ვუმკლავდებოდი", — ამბობს კრის ჰენგენი, ღამის დაცვის თანამშრომელი. კრისის მსგავსად ფიქრობს ჯონიც, რომელიც ბედნიერია მარტო ცხოვრებით, მორიგეობითა და ღამის სიმშვიდით, მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრების წესმა მნიშვნელოვნად გაუზარდა შფოთვისა და დეპრესიის რისკები.

ასეთი ადამიანების არსებობა ეჭვქვეშ აყენებს ვარაუდს, რომ ყველა ინდივიდს ერთი და იგივე ფუნდამენტური მოთხოვნილებები აქვს.

ფოტო: Max Mikulecky

სოციალური კავშირები მნიშვნელოვნად განსხვავებულად გამოიყურება ახლა, ვიდრე — წლების წინ. დაახლოებით 12 000 წლის წინ ადამიანები მცირე ოჯახებად ცხოვრობდნენ და ნადირობა-შეგროვებით იყვნენ დაკავებულები. სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის განვითარებასთან ერთად უფრო დიდმა პოპულაციებმა დაიწყეს ერთად დასახლება, თუმცა უცხო ადამიანებთან ურთიერთობა ჯერ კიდევ საკმაოდ შეზღუდული იყო. დროთა განმავლობაში სამყაროს განვითარებასა და პროგრესთან ერთად ინდივიდები ერთმანეთთან უფრო და უფრო მჭიდრო კავშირს ამყარებდნენ.

პოლიტოლოგი რობერტ პუტნემი თავის წიგნში ამტკიცებდა, რომ თავდაპირველად კავშირის აყვავება ურბანულმა ბუმმა გამოიწვია, თუმცა აღნიშნავდა იმასაც, რომ 1960-იანი წლების ბოლოს და 70-იანი წლების დასაწყისში ეს კავშირები მოიშალა, რადგან ურბანული გავრცელება და განვითარებული ტექნოლოგიები ხალხს აიძულებდა, მეტი დრო გაეტარებინათ მარტო, ტელევიზორის ყურებაში ან ავტომობილის მართვაში.

2017 წელს ამერიკელმა ქირურგმა ხალხი მარტოობის ეპიდემიის შესახებ გააფრთხილა. ის ამბობდა, რომ პაციენტებში ყველაზე გავრცელებული პათოლოგია არც გულის დაავადება იყო და არც — დიაბეტი; ეს იყო მარტოობა. ბოლო წლებში მკვლევრებმა მარტოობა სხვა გავრცელებულ კრიზისებს დაუკავშირეს, როგორებიცაა თვითმკვლელობის მაჩვენებლის სწრაფი ზრდა და ოპიოიდების ფართო მოხმარება.

მიუხედავად ყველაფრისა, თანამედროვე ცხოვრება მეტწილად სხვა ადამიანებთან ყოფნას გულისხმობს, მოგვწონს ეს თუ — არა. პატარა ასაკიდან ბავშვები სკოლაში დადიან, სადაც მთელ დღეს თანატოლებთან ერთად ატარებენ. ულტრაინტროვერტები კი ამბობენ, რომ ისინი ყოველთვის წინააღმდეგობას უწევდნენ იძულებით სოციალიზაციას. ღამის ცვლაში მომუშავე ერთ-ერთმა რესპონდენტმა აღნიშნა, რომ ბავშვობაში ყოველთვის სურდა მარტო ყოფნა, თუმცა არ ესმოდა, რატომ გრძნობდა თავს ასე. სკოლის დამთავრების შემდეგ სულ უფრო ხშირად დაიწყო სმა, რამაც მომავალში სოციალურ ურთიერთობებზეც იმოქმედა: "სანამ სხვა ადამიანები ალკოჰოლს გასართობად იღებდნენ, მე იმისთვის ვსვამდი, რომ უბრალოდ "ნორმალურად" ვყოფილიყავი" (ახლა ის აღარ სვამს და ფიქრობს, რომ ღამის ცხოვრება ალკოჰოლიზმის დაძლევაში ეხმარება, რადგან სოციალური ურთიერთობების დასამყარებლად დალევა აღარ სჭირდება).

შეიძლება ფიქრობთ, რომ თანამედროვე ცხოვრება მარტო ყოფნას ამარტივებს. ინტერნეტი საშუალებას გაძლევთ, მრავალი დავალება დისტანციურად შეასრულოთ, ხოლო სოციალურ მედიას შეუძლია სასურველ ადამიანთან გადაჭედილი ავტობუსის ან ხანგრძლივი საუბრის გარეშე დაგაკავშიროთ. თუმცა ამავე ტექნოლოგიურმა კომფორტმა შეიძლება უფრო საზარელი გახადოს მარტოობა: "საშინელებაა მუდმივად "ჩართული" ყოფნა და იმის შეგრძნება, რომ ფაქტობრივად ხალხში ხარ, მაშინაც კი, თუ ოთახში მარტო ხარ", — ამბობს Party of One: The Loners’ Manifesto-ს ავტორი, ანელი რუფუსი.

ფოტო: Max Mikulecky

"ღამის ადამიანებს" ლოჯისტიკურ დაბრკოლებებთანაც უწევთ გამკლავება. 24-საათიანი სამუშაოს პოვნა მათთვის ჯეკპოტივითაა — ბევრმა მათგანმა ცარიელ სასურსათო მაღაზიაში სიარული სასიამოვნო აქტივობად აღწერა, თუმცა როცა საათებს აკლებენ ან გრაფიკს უცვლიან, ეს მათთვის სერიოზული დარტყმაა. ზოგიერთი ადგილი, მაგალითად, სამედიცინო კაბინეტები თითქმის არასდროსაა ღია ღამით, გარდა გადაუდებელი შემთხვევებისა; ეს ნიშნავს, რომ ღამის ადამიანებს, როგორც წესი, სხვა გზა არ აქვთ, გარდა იმისა, რომ ძილისთვის განკუთვნილი საათები სხვა რამეს დაუთმონ.

ფოტო: Max Mikulecky

"ღამე საშუალებას გაძლევს, მოლოდინების, ვალდებულებებისა და ყურადღების გაფანტვისგან გათავისუფლდე. ბნელი ღამე შესაძლებლობაა, რომ უბრალოდ იყო. დღე საკუთარი იდენტობის ყველა კომპონენტის გამოვლენას გაიძულებს. ღამე თავისი სიჩუმით, სიბნელითა და მარტოობით გეხმარება გაიგო, ვინ ხარ სინამდვილეში", — ამბობს ერთ-ერთი ულტრაინტროვერტი.

ულტრაინტროვერტების სიტყვები წინააღმდეგობაში მოდის კვლევებთან, რომელთა თანახმადაც ადამიანებს მენტალური თუ ფიზიკური ჯანმრთელობისათვის სხვებთან კონტაქტი სჭირდებათ. ნეოკორტექსი, ტვინის ის ნაწილი, რომლის მუშაობაც აუცილებელია სოციალური უნარებისთვის, ადამიანებში გაცილებით დიდია, ვიდრე სხვა პრიმატებში, რაც, მეცნიერების აზრით, ჩვენს სოციალურ კომპლექსურობას უსვამს ხაზს. ჩვენი ტვინი სოციალურ უარყოფასა და ფიზიკურ ტკივილს ერთნაირად ამუშავებს. მკვლევარმა მეთიუ ლიბერმანმა აღმოაჩინა, რომ ნერვული ქსელები, რომლებიც სხვისი ემოციების წაკითხვაში მონაწილეობენ, თითქმის მაშინვე აქტიურდებიან, როგორც კი ვიღვიძებთ: "სწორედ ასეა დაპროგრამებული ჩვენი ტვინები: სხვებთან კავშირისა და ურთიერთქმედებისათვის", — წერს ის თავის წიგნში: Social: Why Our Brains Are Wired to Connect. სოციალური იზოლაცია კი ღრმა გავლენას ახდენს სხეულზე, მოლეკულურ დონეზე.

ფსიქოლოგები ვერ თანხმდებიან, არის თუ არა უკიდურესი ინტროვერსია აშლილობა. ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაცია ფსიქიკური აშლილობის დიაგნოსტიკურ და სტატისტიკურ სახელმძღვანელოში ინტროვერსიის დამატებასაც განიხილავდა. ინტროვერსიის დაავადებად მიჩნევა აბსურდულად ჟღერს, სანამ მისი სპექტრის უკიდურესი პოლუსების განხილვაზე არ გადავალთ. მინესოტას უნივერსიტეტის ფსიქოლოგმა განმარტა, რომ ინტროვერსიის კლინიკური ვერსია ცნობილია, როგორც "გათიშვა", რომელიც ნაწილობრივ ჯილდოსადმი დაბალი მგრძნობელობით ხასიათდება. ეს ადამიანები არა მხოლოდ სოციალური კავშირებიდან არიან გათიშულები, არამედ ენერგიული და ოპტიმისტური პოზიტიური ემოციებისგანაც, როგორებიცაა სიხარული ან აღტაცება: "არსებობს კავშირი სოციალურ ინტერაქციასა და სიამოვნებას შორის, ასე რომ, ადამიანები, რომლებიც მარტო, სხვების გარეშე ცხოვრობენ, შესაძლებელია, არ იყვნენ უბედურები, მაგრამ სიამოვნების მთელ სპექტრსაც ვერ შეიგრძობენ".

ფოტო: Max Mikulecky

ღამის ადამიანები ხანდახან მეგობრებს ნახულობენ ან ურეკავენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ მხოლოდ მცირე რაოდენობის სოციალიზაციასთან შეუძლიათ გამკლავება.

შეერთებულ შტატებში მარტოხელა ადამიანის ღამის ცხოვრება უფრო პარადოქსულია, ვიდრე სხვა ქვეყნებში. ერთი მხრივ, ეს არის ინდივიდუალისტური კულტურა, რომელიც, შექმნილია მათთვის, ვისაც სურს, ცხოვრება თავად მოიწყოს, მეორე მხრივ კი, ამერიკა ექსტროვერტებზე ორიენტირებული ქვეყანაა.

პანდემიამ ჩვენი წარმოდგენა ინდივიდუალურ ფსიქოლოგიურ საჭიროებებზე თავდაყირა დააყენა. ამ პერიოდში გაირკვა, რომ ადამიანებს შეუძლიათ განსხვავებულ გრაფიკზე გადაეწყონ. სამუშაო ადგილი მნიშვნელოვან როლს თამაშობს იმის ჩამოყალიბებაში, იგრძნობენ თუ არა ინტროვერტები ექსტროვერტულად მოქცევის ზეწოლას. სწორედ სამსახურებს შეუძლიათ, გზა გაუკვალონ ღამის ადამიანებს ან ინტროვერტებს — ზოგადად.

ე.წ. "ღამის ბუები" ამბობენ, რომ მათ სურთ სხვებისგან და ხმაურისგან შორს იყვნენ.

ჰერმანი, მანქანათმცოდნე, რომელიც 30 წელზე მეტია ღამის ცხოვრებით ცხოვრობს, ოცნებობს დროზე, როცა შეძლებს ღამის ცვლაზე უარი თქვას — ეს ერთადერთი დარჩენილი ელემენტია, რომელიც მას საზოგადოებასთან აკავშირებს: "მინდა პატარა რანჩოზე ვცხოვრობდე — სადღაც მიყრუებულში, მაგალითდ მონტანაში, ყველასგან შორს. ასე წარმომიდგენია საოცნებო წლები პენსიაზე, — მითხრა მან, — "სიმშვიდე, სიჩუმე და სიბნელე".