ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში გახდა ცნობილი, რომ 2022 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს ჯგუფი ცირკუს მირკუსი წარადგენდა. სულ ცოტა ხნის წინ კი უკვე საკონკურსო სიმღერაც გამოვიდა — თუმცა, შეცვლილი ფორმატით.

მიუხედავად იმისა, რომ სიმღერაზე Lock Me In ვიდეოკლიპი შეიქმნა, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო და რუსეთის აგრესიის მსხვერპლი ქვეყნის სოლიდარობის ნიშნად, ჯგუფმა გადაწყვიტა, საკონკურსო კომპოზიცია მხოლოდ აუდიოვერსიად გაევრცელებინა.

"ვიდეო ხელმიუწვდომელია. ხელოვანი გმობს რუსეთის შეჭრას უკრაინაში", — წერია შავ ფონზე, რომელიც იუთუბზე ვიდეოკლიპის ნაცვლად აიტვირთა.

"უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, ჩვენ ვთვლით რომ ჩვენი მხიარული მუსიკალური ვიდეოს პრეზენტაცია ამ მომენტში უადგილოა", — წერია ჯგუფის ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ სიმღერის ამ ვითარებაში გამოსვლის საჭიროება ფესტივალის წესების გამო შეიქმნა — რადგან საკონკურსო კომპოზიციის გამოქვეყნების ბოლო ვადა მოახლოვდა.

"ჩვენ იმედს ვიტოვებთ რომ მალე შევძლებთ თქვენთვის ჩვენი ვიდეონამუშევრის ჩვენებას, მას შემდეგ რაც ეს საშინელი მოვლენები დასრულდება და საზოგადოება ეტაპობრივად დაუბრუნდება ნორმალურ ცხოვრებას", — აღნიშნულია ცირკუს მირკუსის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ რუსეთი ევროვიზიის წლევანდელ კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ღონისძიების ორგანიზატორმა ევროპის მაუწყებელთა კავშირმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პუტინის უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ ევროვიზია 2022 წლის მონაწილე მომღერლებმა და ქვეყნებმა ევროფესტივალიდან რუსეთის მოხსნა მოითხოვეს. ამასთან, მაუწყებელთა კავშირმა ორგანიზაცია დაატოვებინა რუსულ ტელეკომპანიებსაც, შესაბამისად, უცნობია, შეძლებს თუ არა ქვეყანა მომავალში კონკურსზე დაბრუნებას.

რაც შეეხება უკრაინას, 2022 წლის ევროვიზიაზე ქვეყანას ჯგუფი KALUSH ORCHESTRA წარადგენს, სიმღერით Stefania. აღსანიშნავია, რომ სანამ ჯგუფის წევრები საკუთარი ქვეყნის დასაცავად იბრძვიან, უკრაინას ბუქმეიკერები წლევანდელ ევროვიზიაზე გამარჯვებას უწინასწარმეტყველებენ.

რიგით 66-ე ევროფესტივალს იტალიის ქალაქი ტურინი 10, 12 და 14 მაისს უმასპინძლებს.