Condé Nast რუსეთში თავის ყველა გამოცემას აჩერებს. გამომცემლობის გადაწყვეტილებით, რუსეთში Vogue, GQ, Tatler, Glamour და Architectural Digest აღარ გამოვა. როგორც გამომცემლობის წარმომადგენელი განმარტავს, ეს გადაწყვეტილება რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო მიიღეს.

"ჩვენ შეძრწუნებულები ვართ იმ ძალადობითა და ტრაგედიით, რომელსაც უკრაინაში ვხედავთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ჟურნალისტები და სარედაქციო ჯგუფები მთელი მსოფლიოს მასშტაბით უსაფრთხო გარემოში იყვნენ", — ამბობს გამომცემლობის აღმასრულებელი დირექტორი, როჯერ ლინჩი.

ფოტო: Instagram

ლინჩმა ისიც დასძინა, რომ გამოცემების შეჩერება რუსეთში ბოლო პერიოდში მიღებულ ახალ კანონებსაც უკავშირდება, რომელთა მიხედვითაც გამომცემლობების მიმართ ცენზურა გამკაცრდა. უნდა აღინიშნოს, რომ გამომცემლობა უკრაინელთა ფინანსურ დახმარებას გეგმავს. Condé Nast-ის ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ისინი უკრაინის ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს, წითელ ჯვარსა და უკრაინის სასწრაფო დახმარების ფონდს ფინანსურად დაეხმარებიან.

Condé Nast არ არის პირველი მსხვილი კომპანია, რომელმაც რუსეთში თავისი საქმიანობა შეაჩერა. ისეთი საინფორმაციო პლატფორმები, როგორებიცაა Bloomberg, Reuters და BBC, რუსეთთან აღარ თანამშრომლობენ.