თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მეტროსადგურ ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეებისა და ჯიხურების პრობლემა მოგვარებულია. მისი თქმით, გარემოვაჭრეები ბაზრობის ტერიტორიაზე არიან გადაყვანილი.

"მთლიანად მოვაწესრიგეთ იქ არსებული მდგომარეობა, გარევაჭრობისა და ჯიხურების პრობლემა მოგვარებულია. იქ მარტო გარევაჭრობა არ იყო პრობლემა. იქ, ასევე, პრობლემას წარმოადგენდა ჯიხურები, უბრალოდ გავლა იყო შეუძლებელი და მინდა გითხრათ, რომ აღებულია ყველა ჯიხური, ხოლო გარემოვაჭრეები გადასულები არიან მიმდებარე ბაზრობის ტერიტორიაზე, სადაც შეღავათიანი პირობებით სარგებლობენ და აგრძელებენ თავიანთ ეკონომიკურ საქმიანობას", — თქვა მან.

კალაძე ამბობს, რომ ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა გრძელდება და დასძინა, რომ პირობას დებს, რომ მას "ერთ-ერთი მოწესრიგებული, გალამაზებული და გამართული ინფრასტრუქტურა ექნება".

17 თებერვალს გვიან ღამით, მეტროსადგურ ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორიიდან გარემოვაჭრეების დახლები აიღეს. მეორე დილით კი ადგილზე მისულ მოქალაქეებს დახლების გაშლის უფლება აღარ მიეცათ.

26 იანვარს კახა კალაძემ თქვა, რომ ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას გეგმავს და გარემოვაჭრეებს სხვაგან გადასასვლელად "გონივრულ ვადას" აძლევს. კალაძის განცხადებით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი გახდა "ბევრი უკმაყოფილო ადამიანის ზარი", რომლებისთვისაც მეტროს მიმდებარედ გადაადგილება არაკომფორტულია.