პარიზის ცენტრში საღამოს მომხდარ თავდასხმაზე, რომელსაც ერთი პოლიციელი ემსხვერპლა, პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. ინფორმაციას Fox News ავრცელებს.

შანზ-ელიზეზე შეიარაღებულმა კაცმა ხალხს ცეცხლი გაუხსნა. ორი პოლიციელი სერიოზული დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი. თავდამსხმელი პოლიციამ ადგილზე მოკლა.

თავდამსხმელი 39 წლისაა. პარიზის პოლიცია მის ვინაობას არ ასაჯაროებს, თუმცა ტერორისტული ორგანიზაცია აცხადებს, რომ ის ბელგიიდან ჩასული აბუ იუზევ ალ-ბალჯიკია, ISIS-ის მებრძოლი.

პოლიცია მიიჩნევს, რომ თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ თავდასხმა ტერორისტული აქტი იყო. პრეზიდენტობის კანდიდატებმა დღეისთვის დაგეგმილი შეხვედრები გააუქმეს.

ვიზიტორების დიდი რაოდენობის გამო Champs Elysees ტერიტორია დიდი ხნის განმავლობაში აღიქმებოდა პოტენციურ სამიზნედ.