ZDNet-ის უწყებით, რუსულმა სატელეკომუნიკაციო რეგულატორმა Roskomnadzor-მა პორტატიული რაციის აპლიკაცია Zello აკრძალა, რადგან მისი საშუალებით მომხმარებლები უკრაინაში შეჭრის შესახებ (რომელსაც რუსეთი "სპეციალურ ოპერაციას" უწოდებს) "მცდარ ინფორმაციას" ავრცელებდნენ.

ოფიციალური წარმომადგენლების თქმით, მათ Zello-ს დანაშაულებრივი შეტყობინებების გადაცემის აკრძალვა 4 მარტს სთხოვეს, თუმცა აპლიკაცია მოწოდებას არ დაემორჩილა.

ასევე იხილეთ: ეს საიტი დაგეხმარება, რუსეთის მოსახლეობას სიმართლე მისწერო

რუსეთმა Zello 2017 წელსაც დაბლოკა, რადგან იგი 2016 წელს შექმნილ კანონს არ დაემორჩილა, რომელიც მომხმარებლებისა და მათი საუბრის მონაცემების ქვეყნის შიგნით შენახვას მოიაზრებდა. პლატფორმა ნაბიჯს დაუფარავად შეეწინააღმდეგა და გზა გამონახა, რათა პროგრამის გამოყენება შესაძლებელი მაინც ყოფილიყო.

აღსანიშნავია, რომ აპლიკაცია დემონსტრანტებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს. გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთმა უკვე არაერთ სოციალურ პლატფორმას შეუზღუდა წვდომა, ნაბიჯი მეტწილად მოსალოდნელი იყო. ამასთანავე, მედიას უკრაინასთან დაკავშირებით პუტინის ადმინისტრაციის ოფიციალური ნარატივის გარდა ნებისმიერი ცნობის გაზიარება ეკრძალება.

საგულისხმოა ისიც, რომ Zello განსაკუთრებით პოპულარული უკრაინაში შეჭრის შემდეგ გახდა, აკრძალვა კი, თეორიულად, რუსეთს პოლიტიკური აზრთა სხვადასხვაობის ჩახშობაში უნდა დაეხმაროს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე უკრაინელებსა და თანაგრძნობით აღსავსე რუსებს შორის კოორდინაციას ეხება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.