ტექგიგანტი გუგლი თავის მომხმარებელს, ტრადიციულად, ახალი დუდლით ულოცავს 8 მარტს. ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად საძიებო სისტემის მთავარ გვერდზე ანიმაციაა გამოსახული, რომელზეც განსხვავებული სოციალური სტატუსისა და წარმომავლობის მქონე ქალები ჩნდებიან. ასე "ანიმაცია მთელ მსოფლიოში გვამოგზაურებს, რათა ცალი თვალით შეგვახედოს სხვადასხვა კულტურაში მცხოვრები ქალების ყოველდღიურობას".

ანიმაციის დანარჩენ გვერდებზე შინ მომუშავე დედა, ექიმი, საოჯახო მეურნეობაში დასაქმებული, ხელოსანი და სხვა პროფესიის ქალები არიან გამოსახულნი.

დუდლის შემქმნელი არტ დირექტორი თოკა მეირია. მისი თქმით, ანიმაციის ინსპირაციის წყარო ბოლო წლებში შექმნილი სიტუაცია იყო — პანდემიურმა რეალობამ ყველა ადამიანზე იმოქმედა, თუმცა, განსაკუთრებულად ქალებზე, რომელთაც პრიორიტეტების თავიდან გადანაწილება და მსხვერპლის გაღებაც მოუწიათ. ზოგიერთი კი, სამწუხაროდ, ძალადობის მსხვერპლიც აღმოჩნდა.

"მინდა, ყველა ქალს ჰქონდეს სასურველი ცხოვრების არჩევისა და დამსახურებული პატივისცემის მიღების შესაძლებლობა. დედა, რომელიც შინ საქმიანობს, თავისი შვილებისთვის მთელ სამყაროს ქმნის. დირექტორი ინოვაციისკენ ისწრაფვის და თავის თანამშრომლებს მოტივაციასა და ბედნიერების საბაბს აძლევს. ქუჩის მხატვარი უცხო ადამიანებს სიამოვნებას ანიჭებს, საკუთარ თავს კი — თავისუფლებას. სატვირთოს მართვა, ქალების უფლებებისთვის ბრძოლა, სკოლაში სიარული ან სადილის მომზადება. ჩვენ ყველანი დილით ვიღვიძებთ და გვაქვს მიზანი, დიდი ან პატარა. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია".