ილონ მასკი ფიქრობს, რომ ევროპამ უნდა განაახლოს თავისი "მიძინებული ატომური ელექტროსადგურები". მან ამაზე ტვიტერით განაცხადა და აღნიშნა, რომ ეს უკრაინის კრიზისის ფონზე ერთადერთი სწორი არჩევანია.

მასკის ტვიტი რამდენიმე დღეში გამოქვეყნდა მას შემდეგ, რაც რუსეთის ჯარები თავს დაესხნენ ევროპის უდიდეს ატომურ ელექტროსადგურს. ცნობისთვის, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური უკრაინის ენერგეტიკული მოთხოვნილების 20 პროცენტს აკმაყოფილებს.

ასევე: ჩერნობილისა და ზაპოროჟიეს ატომური სადგურები — რა განსხვავებაა?

მსოფლიო ბირთვული ასოციაციის მონაცემებით, 2020 წელს 33 ქვეყანაში 440 ატომური ელექტროსადგური გამოიმუშავებდა 2553 TWh ელექტროენერგიას, რაც მსოფლიოს ენერგიის მოხმარების დაახლოებით 10 პროცენტს შეადგენს.

ქვეყნები, როგორიცაა ჩინეთი, რუსეთი და ინდოეთი, აშენებენ ახალ ატომურ ელექტროსადგურებს, ხოლო ევროპის ქვეყნებს, მაგალითად გერმანიას, აქვს პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ექვსი ფუნქციური ელექტროსადგურის დახურვას 2022 წლისთვის. იტალიამ უკვე დახურა თავისი ატომური სადგური, ხოლო ავსტრიას არასოდეს გამოუყენებია მის მიერ აშენებული ბირთვული ობიექტი. ბელგიამ, ესპანეთმა და შვეიცარიამ ასევე დაგეგმეს ათწლეულის ბოლოსთვის ბირთვული ელექტროსაგურებისგან გათავისუფლება.

უკრაინის კრიზისის ფონზე, მასკმა წამოაყენა იდეა, თუ როგორ უნდა გათავისუფლდეს ევროპა რუსეთის ენერგიაზე დამოკიდებულებისგან.

გასულ წელს მასკმა თქვა, რომ უკიდურესად უსაფრთხო ატომური ელექტროსადგურების შექმნა შესაძლებელია და ეს ახალი გამოწვევაა. ამ მოსაზრებას სხვებიც იზიარებენ, მაგალითად ბილ გეიტსი, რომლის კომპანია Terra Power ცდილობს ახალი ტიპის ბირთვული რეაქტორების შექმნას. ამ თემით თავად პრეზიდენტი ბაიდენიცაა დაინტერესებული, რომლის ბოლო ინფრასტრუქტურის კანონმა გამოყო 6 მილიარდი დოლარი აშშ-ში ბირთვული ენერგიის რეაქტორების შესანარჩუნებლად.

აშშ-ს სამხედროები ასევე ეძებენ მობილურ ატომურ ელექტროსადგურს მათი ენერგეტიკული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, ხოლო NASA-ს სურს მთვარეზე მისიები ბირთვული ენერგიის გამოყენებით განახორციელოს.

ენერგეტიკული უსაფრთხოების პირობებში, როგორც მასკი ამბობს, ევროპის ქვეყნებს, ალბათ, ერჩივნათ უფრო დიდხანს შეენარჩუნებინათ არსებული ინფრასტრუქტურა, ვიდრე ბოლომდე განახლებად ენერგიაზე გადაერთვებოდნენ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.