საქართველოს ავტოპარკის 91 პროცენტი 2007 წლამდეა წარმოებული. მანქანების 46 პროცენტი 20 წლის ან უფრო ძველია, ხოლო სამ წლამდე ასაკის ავტოტრანსპორტი ავტოპარკის მხოლოდ 1,3 პროცენტს შეადგენს. ამის შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის კვლევაში "საქართველოს ავტოპარკი 2016" ვკითხულობთ.

ფოტო: შინაგან საქმეთა სამინისტრო

კვლევის თანახმად, 2016 წელს ავტოპარკი რვა პროცენტით გაიზარდა. ავტოტრანსპორტის 36,7 პროცენტი კი მხოლოდ თბილისში რეგისტრირებულ ადამიანებს ეკუთვნით.

საქართველოში ყველაზე მეტად გავრცელებულია MERCEDES-BENZ-ის და OPEL-ის მარკის მანქანები. 2016 წელს გაიზარდა NISSAN-ის (31%-ით) და TOYOTA-ს (31%-ით) რაოდენობები.

შსს-ს ცნობით, ავტომობილების ექსპორტ-რეექსპორტი 16.7%-ით შემცირდა, იმპორტის მოცულობა კი 4,7 პროცენტით გაიზარდა.

იმპორტიორ ქვეყნებში იაპონია კვლავ ლიდერია. იაპონიიდან იმპორტმა 2016 წელს მთელი იმპორტის 45% შეადგინა.

2016 წელს საქართველოდან ექსპორტ-რეექსპორტირებული ავტომანქანების უმრავლესობა სომხეთსა (57%) და აზერბაიჯანში (9%) გადის, თუმცა აზერბაიჯანში გაყვანილი ავტომანქანების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 62%-ით შემცირდა, ხოლო სომხეთში გაყვანილი ავტომანქანების რაოდენობა - 25%-ით.