კლიმატის კრიზისი, როგორც თვითდესტრუქციული მსოფლიოს ყველაზე დიდი გამოწვევა

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

კომფორტის ზონა

ცხოვრების ხარისხის ამაღლება და საკუთარი კომფორტის უზრუნველყოფა ყველასთვის პრიორიტეტს წარმოადგენს, თუმცა კომფორტის ზონაში ყოფნის გამო მძიმე შედეგებსაც ვიმკით ხოლმე. ეს კაცობრიობაზეც ისევე ვრცელდება, როგორც ცალკეულ ადამიანებზე. სოციალური თუ ეკონომიკური განვითარების პარალელურად, ადამიანები არამხოლოდ სხვა ცოცხალ ორგანიზმებს, საკუთარ საცხოვრებელ გარემოსაც ვაზიანებთ.

თუ გასულ წლებში ავსტრალიისა და კანადის ხანძრები არ იყო საკმარისი, ამ კვირის დასაწყისში პოლუსებზე დაფიქსირებულმა რეკორდულმა ტემპერატურებმა კიდევ ერთხელ გაგვახსენა, რომ არც ისე სახარბიელო მდგომარეობაში ვართ.

კლიმატის ცვლილების პრობლემის გადაჭრაში სახელმწიფოებრივ თუ ინდივიდუალურ დონეზე დიდ ძალისხმევას ვდებთ, თუმცა, ჩვენს გარშემო მიმდინარე მოვლენები მხოლოდ საწინააღმდეგოზე მეტყველებს. გლობალურ დათბობასთან ბრძოლის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან გზას, ამ ეტაპზე, ცნობიერების ამაღლება და დეზინფორმაციასთან ბრძოლა წარმოადგენს. სწორედ ამ მიზნით, ამ სტატიაში მოგიყვებით, როგორ მიგვიყვანა სოციო-ეკონომიკურმა განვითარებამ თვითდესტრუქციამდე და როგორ უნდა დავაღწიოთ თავი ამ სპირალს.

ინდუსტრიული რევოლუციიდან დღემდე — როგორ იქცა კლიმატის ცვლილება პრობლემად

XVIII-XIX საუკუნეებში ინდუსტრიალიზაციამ — მიწათმოქმედების, მრეწველობისა თუ ტრანსპორტის ტექნოლოგიების განვითარებამ დიდი ეფექტი მოახდინა საზოგადოების ეკონომიკურ და კულტურულ ყოფაზე და ადამიანების ცხოვრება ფუნდამენტურად შეცვალა. ეკონომიკის, მედიცინის, თუ ცხოვრების პირობების გაუმჯობესების ფონზე გაიზარდა მსოფლიო მოსახლეობაც და ამ მაჩვენებელმა მეჩვიდმეტე საუკუნის ბოლოს 1 მილიარდს მიაღწია.

მიმდინარე ცვლილებების პარალელურად ვითარდებოდა მეცნიერებაც. 1824 წელს ჯოზეფ ფურიემ დედამიწის ბუნებრივი სათბურის ეფექტი აღწერა, 1861 წელს ჯონ ტინდალმა აჩვენა, რომ ამ ეფექტს ნახშირორჟანგი, მეთანი და წყლის ორთქლი ქმნიდნენ. XIX საუკუნის ბოლოს კი, სვანტე არენიუსმა, რომელიც დედამიწის ისტორიაში გამყინვარების პერიოდებითა და მათი გამომწვევი ფაქტორების შესწავლით იყო დაინტერესებული, გამოთვლების შედეგად დაადგინა, რომ ატმოსფეროში ნახშირორჟანგის კონცენტრაციის განახევრება ტემპერატურის 4-5°C-ით შემცირებას გამოიწვევდა, მისი 50%-ით ზრდა კი — 5-6°C-ით მატებას. მეცნიერი პირველი იყო, რომელმაც მსოფლიო კლიმატზე ადამიანის საქმიანობის გავლენა იწინასწარმეტყველა და ამაზე იქამდე 100 წლით ადრე გაგვაფრთხილა, სანამ მსოფლიო გლობალურ დათბობასთან ბრძოლას გადაწყვეტდა.

ფოტო: Dribble

1960-იან წლებში, კომპიუტერული მოდელირების საშუალებით, შესაძლებელი გახდა ატმოსფეროში ნახშირორჟანგის მატების შესაძლო შედეგების პროგნოზირება, 70-იან წლებში კი არენიუსის შრომებმა განსაკუთრებით დიდი პოპულარობა მოიპოვა. ამ დროს ადამიანებმა აქტიურად დაიწყეს გარემოსდაცვითი პრობლემების გაცნობიერება და გლობალურ დათბობაზე, როგორც რეალურ საფრთხეზე ფიქრი. 80-იანების ბოლოს მეცნიერებმა განგაშის ზარების რეკვა დაიწყეს, რამაც კიდევ უფრო მეტად მიიქცია საზოგადოებისა და მედიის ყურადღება. ამ დრომდე მეცნიერები ტემპერატურის ცვლილებას კლიმატის მოულოდნელი მოდიფიკაციებით მოიხსენიებდნენ, ტერმინი კლიმატის ცვლილება კი პირველად 1988 წელს NASA-ის კლიმატის მეცნიერმა, ჯეიმს ჰანსენმა გამოიყენა.

მეცნიერმა ამავე წლის ივნისში კონგრესს კლიმატის იმ დროისთვის არსებული მოდელები წარუდგინა. ჰანსენის თქმით, 99%-ით იყო დარწმუნებული, რომ დედამიწა გლობალური დათბობის წინაშე იდგა. როგორც ხედავთ, მას შემდეგ 30 წელზე მეტი გავიდა, მეცნიერები განგაშის ზარებს კიდევ უფრო ხმამაღლა რეკავენ, თუმცა პრობლემა არათუ მოგვარდა, არამედ იგი ყოველწლიურად უფრო მწვავდება და ჩვენგან, განსაკუთრებით კი დიდი კომპანიებისა და განვითარებული სახელმწიფოებისგან დაუყოვნებლივ ქმედებას მოითხოვს.

გლობალური დათბობის გამომწვევი მიზეზები და თანმდევი საფრთხეები

კლიმატის ცვლილება რომ ანთროპოგენური ფაქტორებითაა გამოწვეული, ცალსახად, ყველასთვის ნათელია. ისიც ვიცით, რომ ამ პრობლემაში ბუნებრივ პროცესებსაც შეაქვს მიზერული წვლილი, როგორებიცაა მზის აქტივობის ვარიაციები, დედამიწის ორბიტის ცვლილებები — მილანკოვიჩის ციკლები და ა.შ. თუმცა, კონკრეტულად როგორ იწვევენ ადამიანები გლობალურ დათბობას და, საერთოდ, წარმოადგენს თუ არა ეს პრობლემას ჩვენი სახეობისთვის?!

ევროკომისიისა და აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოს მონაცემებით, ატმოსფეროს დაბინძურებაში ყველაზე დიდი წვლილი წიაღისეული საწვავის ინდუსტრიას, შემდეგ მეცხოველეობას, ტრანსპორტსა და ტყის საფარის შემცირებას შეაქვს. მაგალითად, ანთროპოგენური გზით გამოყოფილი სათბურის აირების 14.5%-ზე მეცხოველეობის დარგია პასუხისმგებელი, 13%-ზე კი — ტრანსპორტი.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მრეწველობის ჩამოთვლილი სფეროები ირიბადაც მონაწილეობენ გლობალური დათბობის გამწვავებაში. მაგალითად, საწვავის მოპოვების, ელექტროენერგიის გენერირებისა თუ ფერმის ცხოველების გამოსაკვებად საჭირო მარცვლეულის მოყვანის მიზნით, ყოველწლიურად ტყით დაფარული ტერიტორიების დიდი ნაწილი იჩეხება. ტყეები ატმოსფეროში ნახშირორჟანგის ციკლის დარეგულირებას უწყობენ ხელს და ყოველწლიურად ადამიანის საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი ნახშირორჟანგის მეოთხედს შთანთქავენ, შესაბამისად, ტყის საფარის შემცირება, თავის მხრივ, ამ მაჩვენებლის კლებასაც იწვევს, დეფორესტაციის შედეგად კი ატმოსფეროში ყოველწლიურად 5 მლრდ ტონა ნახშირორჟანგი გაიფრქვევა.

ფოტო: Rodrigo Abd პერუს სამხრეთ-აღმოსავლეთით ამაზონის ჯუნგლებში ათასობით მაღაროელმა ტყეები ოქროს ძიების მიზნით გაანადგურა. 2008 წლიდან უკანონო მოპოვების შედეგად აქ 100000 ჰექტარი ტყე გაიჩეხა.

ამ და სხვა ფაქტორების გამო, როგორიც სოფლის მეურნეობაში სასუქების გამოყენება, ელექტროენერგიის ჭარბი მოხმარება, ნარჩენების პრობლემის ზრდა თუ კონსუმერიზმია, დედამიწა გლობალური კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა, ამის საილუსტრაციოდ კი გასული ორი წლის გახსენებაც საკმარისია.

2020 წელს, პანდემიის დროს ნახშირორჟანგის ემისიებმა 5.8%-ით იკლო. მაშინ ბევრს გაგვიჩნდა იმედი, რომ ყველაფერს აქვს დადებითი მხარე და იქნებ პანდემიის თანმდევ სიკეთეს გლობალური დათბობის შეჩერება წარმოადგენდა. თუმცა, სამწუხაროდ, ამ პერიოდში ენერგიის წარმოება-მოხმარებასთან დაკავშირებული ემისიები არ შეცვლილა და ატმოსფეროში ამ აირის წლიურმა კონცენტრაციამ, ინდუსტრიულ რევოლუციამდელ მაჩვენებელთან შედარებით, 50%-ით მეტს მიაღწია, 2021 წელს კი კიდევ 7 ერთეულით მოიმატა და ახალი რეკორდი დაამყარა.

კლიმატზე სათბურის აირების ემისიის ეფექტის ნათელი მაგალითი 2021 წლის ივლისი იყო, როდესაც ლიტონში, კანადაში ტემპერატურამ 49.6ºC-ს მიაღწია და მთელი ქალაქი დაიწვა. ამავე პერიოდში ხანძრის კერები გაჩნდა მსოფლიოს სხვა ნაწილებშიც, სადაც ცეცხლმა ასობით ადამიანის სიკვდილი და ინფრასტრუქტურის დაზიანება გამოიწვია. ამ მხრივ მძიმე იყო 2019-2020 წელიც, როდესაც ხანძარმა ავსტრალიის უნიკალური ტყეები და მილიონობით ცხოველის საცხოვრებელი ჰაბიტატი გაანადგურა.

ხანძრების გარდა, იცვლება ტროპიკული ციკლონების ინტენსივობა, იზრდება ქარიშხლების, წყალდიდობების სიხშირე, ამ ყველაფერს კი უდიდესი ეკონომიკური ზარალი ახლავს თან. მაგალითად, 2021 წელს აშშ-ში მხოლოდ შტორმმა 65 მილიარდი დოლარის ზარალი გამოიწვია.

გასულ წლებში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა არქტიკაშიც, იმატებს ყინულის დნობის ინტენსივობა და მსოფლიო ნელ-ნელა მტკნარი წყლის უდიდეს მარაგს — მყინვარებსაც კარგავს. არქტიკისა და ანტარქტიდის ყინულების დნობის შედეგად იმატებს ზღვის დონე და იზრდება წყალდიდობებისა და სანაპიროების დატბორვის რისკი. გასულ წელს NASA-მ ზღვის დონის ცვლილების პორტალიც შემოგვთავაზა, სადაც მომავლის ექვსი სცენარსა და ზღვის დონის შესაბამის რუკებსაც იხილავთ. იზრდება კლიმატის ცვლილებას, შტორმებსა და ქარიშხლებს შორის კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულებების რიცხვი.

ყველა სიკეთესთან ერთად, გლობალური დათბობა მნიშვნელოვნად აზიანებს წყლისა და სურსათის უსაფრთხოებას. გვალვისა და ექსტრემალური ამინდების შედეგად მცირდება მოსავლიანობა, რაც ყველაზე დიდ გავლენას აფრიკის, ლათინური ამერიკისა და ცენტრალური ამერიკის ქვეყნებზე ახდენს. აღსანიშნავია ისიც, რომ კონფლიქტების შემდეგ კლიმატის ცვლილება მსოფლიო შიმშილის ყველაზე დიდ გამომწვევ ფაქტორად მიიჩნევა, სათბურის აირების ემისიების მთავარ წყაროებს კი განვითარებული სახელმწიფოები წარმოადგენენ, რომლებსაც, თავის მხრივ, გლობალური დათბობით კიდევ უფრო გაღარიბებული მესამე მსოფლიოს ქვეყნებიდან მიგრაციის პრობლემა აწუხებთ.

ეს ყველაფერი არანაკლებ ცუდად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობის სოციალურ და გარემოსდაცვით განმსაზღვრელ ფაქტორებზე — ჰაერის სისუფთავეზე, სასმელ წყალსა და საკვებ რესურსებზე.

  • ტემპერატურის მატების შედეგად მიწისზედა ფენაში ოზონისა და ალერგენების კონცენტრაცია იზრდება.
  • აორთქლებისას ატმოსფეროში წყლის ორთქლი იმატებს, გაზრდილი ტენიანობა კი ვირუსების გავრცელებისთვის ქმნის ხელსაყრელ პირობებს.
  • მაღალმა ტენიანობამ, ჰაერის მაღალ ტემპერატურასთან ერთად, შესაძლოა ადამიანის ოფლის გაგრილების ეფექტი შეაჩეროს.
  • ყოველწლიურად ათასობით ადამიანი იღუპება სიცხისგან მიღებული სტრესით და მასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემებით.
  • ჰაერის დაბინძურება ზრდის ონკოლოგიური დაავადებების, კერძოდ კი ფილტვის კიბოს განვითარების რისკს.
  • გლობალური დათბობა ამწვავებს საკვების უსაფრთხოების პრობლემას. გვალვის და ექსტრემალური ამინდების შედეგად, ბოლო 60 წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობა 21%-ით შემცირდა.
  • წყლის ტემპერატურის მატება ხელს უწყობს ტბების ევტროფიკაციას, რაც, თავის მხრივ, სასმელი წყლის ხარისხს აუარესებს.
  • დათბობის შედეგად იზრდება წყლით გადამდები დაავადებების გავრცელების რისკი. WHO-ის შეფასებით, 2030 წლისთვის, კლიმატის ცვლილების შედეგად დიარეით დაღუპულთა რიცხვი 48 000-ს მიაღწევს.
  • გლობალური დათბობა ამცირებს სასმელი წყლის, მათ შორის მიწისქვეშა წყლების მარაგებს.
  • ზღვის დონის ზრდის შედეგად, სანაპირო მიწისქვეშა წყლები უფრო მოწყვლადი ხდება მარილიანი წყლის შეჭრის მიმართ. მტკნარი წყლის მარილიანობის მატება უკვე სერიოზული პრობლემაა ბანგლადეშსა და ნიდერლანდებში.

ფოტო: Dribble

რაც შეეხება კლიმატის ცვლილების გავლენას ბიომრავალფეროვნებაზე:

  • წყლის ტემპერატურის მატება მარჯნის რიფების გაუფერულებასა და ზღვის ეკოსისტემებში ინფექციური დაავადებების გავრცელებას იწვევს, წყალში ნახშირორჟანგის კონცენტრაციის მატება კი მარჯნებში კალციუმის აბსორბციას უშლის ხელს.
  • ატმოსფეროდან ოკეანეში შთანთქმული ნახშირორჟანგი ცვლის წყლის PH-ის დონეს და ზრდის მის მჟავიანობას, რაც უარყოფითად აისახება აქ მობინადრე ცოცხალ ორგანიზმებზე.
  • არქტიკასა და ანტარქტიდაზე ყინულის დნობა ასევე გულისხმობს აქაური ბიომების განადგურებას და იმ მცენარეებისა თუ ცხოველების განადგურებას, რომლებიც კვებითი ჯაჭვის მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენენ.
  • წყლის ტემპერატურის მატება შედეგად ოკეანეებსა და ზღვებში ტემპერატურულ შრეებს აჩენს — თბილი წყალი ზედა ფენაში ლაგდება, სადაც ზღვის პლანქტონები ცხოვრობენ ატმოსფერული ჟანგბადის ნახევარს სწორედ ეს ორგანიზმები წარმოქმნიან, რომლებიც წყლის ზედაპირიდან მაქსიმუმ 100-200 მეტრ სიღრმეზე ბინადრობენ, დათბობის შედეგად კი, შესაძლოა, ამ ფენებში მათთვის საჭირო საკვები რესურსები ამოიწუროს.
  • დათბობის შედეგად იცვლება ჰაბიტატების ტემპერატურა, ნალექიანობა, ნიადაგის შემადგენლობა და სხვა ფაქტორები, რაც იმ ორგანიზმების პოპულაციაზე აისახება უარყოფითად, რომლებიც ამ პირობებს არიან შეგუებულნი
  • ტყეების გაჩეხა, ცოცხალი ორგანიზმების საცხოვრებელი გარემოს განადგურება და გარემო პირობების ცვლილება ყოველწლიურად ასობით სახეობის გადაშენებას იწვევს.

კლიმატის ცვლილება გლობალურ პრობლემას წარმოადგენს და მსოფლიო ლიდერებისთვის მასთან ბრძოლა ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს, თუმცა, როგორც აღვნიშნე, პრობლემა ყველაზე მეტად განვითარებად ქვეყნებს აწუხებთ, რომლებსაც ამ უკანასკნელთან ბრძოლისთვის საკმარისი რესურსები არ აქვთ.

მსოფლიო კლიმატის კრიზისის წინააღმდეგ

ინდუსტრიული რევოლუციის შემდეგ, მოსახლეობის სოციო-ეკონომიკურ განვითარებას თან მოჰყვა გარემოს დაბინძურება, ბიომრავალფეროვნებისა და ტყის საფარის შემცირება და სათბურის აირების ემისიების უპრეცედენტო მატება. მხოლოდ 1970-2004 წლებში ამ აირების კონცენტრაციამ ატმოსფეროში 70%-ით მოიმატა, ტემპერატურა კი, ინდუსტრიამდელ მაჩვენებელთან შედარებით, 1.1ºC-ით გაიზარდა.

1997 წელს, იაპონიაში, მხარეთა მე-3 კონფერენციაზე გარემოსდაცვითი ხელშეკრულება — კიოტოს პროტოკოლი გაფორმდა. ეს პირველ შემთხვევას წარმოადგენს, როდესაც სახელმწიფოები თითოეული ქვეყნისთვის სპეციფიკური ემისიების შემცირების მიზნებზე შეთანხმდნენ. პროტოკოლი ძალაში 2005 წელს შევიდა, თუმცა მას მხოლოდ განვითარებული ქვეყნები აწერდნენ ხელს. იგი არ დაუმტკიცებიათ ისეთ მთავარ დამაბინძურებლებს, როგორებიც ჩინეთი, ინდოეთი და აშშ იყვნენ, ამიტომ, ეს უკანასკნელი წარუმატებელი აღმოჩნდა.

2016 წლის 4 ნოემბერს ძალაში შევიდა პარიზის შეთანხმება, რომელსაც ხელს 197 ქვეყანა აწერს. ეს უკანასკნელი კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში გადამწყვეტ მომენტად ითვლება, როდესაც მსოფლიოს ლიდერები გაერთიანდნენ და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლისა და მასთან ადაპტაციის შესახებ კონსენსუსს მიაღწიეს. შეთანხმება 2050 წლამდე დედამიწის საშუალო ატმოსფერული ტემპერატურის ინდუსტრიულ რევოლუციამდელ მაჩვენებელთან შედარებით 2 გრადუსით, უკეთეს შემთხვევაში კი 1.5 გრადუსით შეზღუდვას ისახავს მიზნად. გარდა ამისა, იგი მოიცავს კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციას, გამჭვირვალე ანგარიშების მიწოდებას, კლიმატის მიზნების გაძლიერებას და ამ საქმეში განვითარებადი სახელმწიფოების მხარდაჭერას, რაც ამ გლობალური პრობლემის მოგვარების საქმეში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

შეთანხმება მეტ ვალდებულებას აკისრებს განვითარებულ ქვეყნებს, რომლებზეც ემისიების ყველაზე დიდი წილი მოდის და მათ დამატებით გამოსავალსაც სთავაზობს — ქვეყნებს აქვთ საშუალება, თავიანთ მიზნებს, საკუთრის გარდა, სხვა ქვეყნებში ჩატარებული ღონისძიებებითაც მიაღწიონ. ამ უფლებით სარგებლობს შვეიცარია, რომელმაც მსგავსი შეთანხმება 2021 წლის სექტემბერში დომინიკასთან და საქართველოსთანაც დაამტკიცა. შეთანხმებების საშუალებით შვეიცარია შეძლებს, ამ ქვეყნებში გატარებული პროექტებით იმაზე დიდი წვლილი შეიტანოს გლობალურად სათბურის აირების ემისიის შემცირებაში, ვიდრე ამას მხოლოდ ადგილობრივი ღონისძიებებით შეძლებდა.

ფოტო: Dribble

კონვენციაში ემისიების შემცირების რაიმე სპეციფიკური მაჩვენებლები განსაზღვრული არაა, თუმცა სახელმწიფოების გეგმები ამ მიმართულებით მათ შესაძლებლობებსა და ატმოსფეროს დაბინძურებაში წვლილს ასახავს. მაგალითად, პარიზის შეთანხმების მიხედვით, ჩინეთი CO2-ის ემისიების შემცირებას 2030 წლისთვის გეგმავს, ინდოეთის ხედვით, ქვეყანამ 2005 წლის მაჩვენებელთან შედარებით 2030 წლამდე ამ აირის გაფრქვევის მაჩვენებელი 33-35%-ით უნდა შეამციროს და ენერგიის 40% არაწიაღისეული საწვავით გამოიმუშაოს. რაც შეეხება აშშ-ს, ქვეყანამ აიღო ვალდებულება, 2025 წლამდე ემისიები 26-28%-ით შეამციროს. ეს ინიციატივა მოიცავს Clean Power Plan-ს (სუფთა ენერგიის გეგმა — ენერგოსექტორიდან ნახშირორჟანგით დაბინძურების შემცირების სახელმწიფო პროგრამა) და საწვავის ეკონომიკის სტანდარტების გამკაცრებას ტრანსპორტის გამონაბოლქვის შესამცირებლად.

ამ დაპირებების მიუხედავად, 2021 წლის გლაზგოს კლიმატის სამიტმა გვაჩვენა, რომ სახელმწიფოების ნაწილი შეთანხმებას ან არასაკმარისად სერიოზულად აღიქვამს, ან უბრალოდ მათი განხორციელებისთვის მზად არ არიას და აღნიშნულ პრობლემასთან ბრძოლაზე წინ ქვეყნის სოციო-ეკონომიკურ განვითარებას აყენებს.

იმ ვალდებულებების საფუძველზეც კი, რომლებიც ქვეყნებმა ემისიების შემცირების საქმეში ჯერ კიდევ პარიზის შეთანხმების დროს აიღეს, მეცნიერების აზრით, კარგ შედეგს მაინც ვერ მივიღებთ — გეგმის გათვალისწინებით, დედამიწაზე ტემპერატურა მომავალში, ინდუსტრიულ რევოლუციამდე არსებულ დონესთან შედარებით, 3ºC-ით მოიმატებს, რაც ერთგვარ წინაპირობას წარმოადგენს კატასტროფული წყალდიდობების, გვალვის, ჰაბიტატების დაკარგვისა და ოკეანის დონის მატებისთვის.

კომპანიების როლი კლიმატის ცვლილების შერბილების საქმეში

გარემოსდამცველების დიდი ნაწილი მხარს უჭერს იმ მოსაზრებას, რომ კლიმატის კრიზისის მოგვარებას სოციალისტური მიდგომა სჭირდება. თუ გავითვალისწინებთ, რომ კაპიტალიზმი მოგების მაქსიმალურ ზრდასა და რესურსების გაუმაძღარ მოხმარებაზეა დამყარებული, რაც ირიბად ნარჩენების პრობლემის გამწვავებასა და კლიმატის ცვლილებაში საკმაოდ დიდ როლს თამაშობს, ეს შეხედულება ლოგიკურად ჟღერს. თუმცა, ამის საპირისპიროს მუდმივად გვიმტკიცებენ ის კომპანიები, რომლებიც ახალ, მწვანე ინიციატივებს ნერგავენ ყოველწლიურად ზრდიან თავიანთ წვლილს გლობალურ დათბობასთან ბრძოლის საქმეში.

ასეთია Cisco — სილიკონ ველიზე განთავსებული კომპანია, რომელიც ენერგიის 85%-ს სუფთა წყაროებიდან იღებს. 2040 წლისთვის ცისკოს მიზანი სათბური აირების ემისიების ნულოვანი მაჩვენებლის მიღწევაა. გასული ხუთი წლის მანძილზე, ენერგო-ეფექტიანობის ზრდის მიმართულებით, კომპანიამ 440 პროექტი განახორციელა, რომლებიც ხარჯებისა და ემისიების შემცირებასაც ისახავდა მიზნად. ყველა სიკეთესთან ერთად, პროდუქტის ეფექტიანობის გაუმჯობესებისა და სათბური აირების ემისიის შემცირების მიმართულებით იდეების მიწოდება კომპანიის ნებისმიერი რგოლის თანამშრომელს შეუძლია.

ფოტო: Dribble

გარემოს დაცვის მიმართულებით მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით გამოირჩევა Toyota Motor, რომელიც ტრანსპორტის ინდუსტრიის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, 48%-ით ნაკლებ ენერგიას მოიხმარს, 78%-ით ნაკლებ CO2-ს გამოყოფს და 63%-ით ნაკლებ ნარჩენს წარმოქმნის. კომპანია 2003 წლიდან მანქანის გარკვეული ნაწილების დასამზადებლად ორგანულ პლასტმასას ქმნის, რომლის წარმოების პროცესშიც გარემოში ნახშირორჟანგი არ გაიფრქვევა. 2050 წლისთვის ტოიოტა გარემოზე ზემოქმედების 0-მდე შემცირებას და, მეტიც, კომპანიის ჯამური გავლენის მიმართულებით დადებითი მაჩვენებლის მიღწევასაც გეგმავს.

მდგრადი ტექნოლოგიების დანერგვას და სათბური აირების ემისიების შემცირებას აქტიურად უწყობს ხელს გერმანული კომპანია Siemens. 50 წლიანი ისტორიის კომპანია სხვადასხვა ინიციატივებით ქმედით ნაბიჯებს დგამს წარმოების ჯაჭვის ყოველ ეტაპზე ნახშირორჟანგის ემისიების შემცირების, რესურსებისა და ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის, ეკო-ეფექტიანი გამოსავლების დანერგვისა და, წრიული ეკონომიკის პრინციპებზე დაფუძნებით, ინოვაციური ბიზნეს მოდელების შემუშავების მიმართულებით.

გლობალური დათბობის პათოსს, გარკვეულწილად, ერთ-ერთი ყველაზე ცუდი რეპუტაციის მქონე კომპანია Nestle-ც კი იზიარებს, რომელიც არასრულწლოვანთა შრომითი ექსპლუატაციითა და არაეთიკური მარკეტინგითაა ცნობილი. კომპანია ნახშირორჟანგის ემისიების შემცირების მიმართულებით გარკვეულ ნაბიჯებს დგამს. მათი მტკიცებით, Smarties-ის შეფუთვა გადამუშავებადი მასალისგან მზადდება, 2025 წლისთვის კი KitKat-ის ნახშირორჟანგის ემისიები ნულოვან მაჩვენებელს მიაღწევს. გარდა ამისა, Nestle ხელოვნურ თანამგზავრებს გამოიყენებს იმაში დასარწმუნებლად, რომ მისი მიწოდების ჯაჭვში ტყის არალეგალურ გაჩეხას არ აქვს ადგილი.

აქვე, აუცილებლად უნდა აღვნიშნო Ecosia, რომელიც მოგების 80%-ით (შემოსავლის 47.1%) ხეების დარგვის პროექტებს აფინანსებს იმ ტერიტორიებზე, სადაც ტყის საფარი ადამიანის საქმიანობისა თუ ხანძრების შედეგად განადგურდა. კომპანია მზის ენერგიასაც აწარმოებს, რომლის ნახევარს თვითონვე მოიხმარს.

ფოტო: Dribble

ბოლოს კი, უმოქმედობის გრძნობამ და სასოწარკვეთამ რომ არ შეგიპყროთ, იმასაც გეტყვით, რომ კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა ინდივიდუალურ დონეზეც შეგვიძლია, რაც, ერთი ადამიანის გადმოსახედიდან, შესაძლოა, უმნიშვნელო მოგეჩვენოთ, 8 მილიარდიანი მოსახლეობის პლანეტისთვის კი ეს, გარკვეულწილად, დამაიმედებელიც კია.

ასე რომ, კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის გზები მისსავე გამომწვევ მიზეზებში უნდა ვეძებოთ, როგორიც საწვავზე დაფუძნებული ტრანსპორტი, მეცხოველეობის ინდუსტრია, ენერგიის ჭარბი მოხმარება და კონსუმერიზმია. ინდივიდუალური აქტივიზმისთვის გაერო რამდენიმე რჩევას გვიზიარებს, რომელიც ატმოსფეროში სათბურის აირების გაფრქვევის შემცირებაში დაგვეხმარება.

  • გამოიყენეთ მხოლოდ იმდენი ელექტროენერგია, რამდენიც გჭირდებათ.
  • ტაქსით ან საკუთარი ავტომობილით გადაადგილების ნაცვლად ფეხით გასეირნება, ველოსიპედი, ან საზოგადოებრივი ტრანსპორტი აირჩიეთ.
  • შეამცირეთ ცხოველური პროდუქტების მოხმარება და მიირთვით მეტი ბოსტნეული.
  • გაზარდეთ ენერგიის მოხმარებაში განახლებადი ენერგიის წილი.
  • აირჩიეთ ეკო-მეგობრული და გადამუშავებადი პროდუქტები.
  • უარი თქვით კონსუმერიზმზე — შეიძინეთ იმდენი პროდუქტი, რამდენიც გჭირდებათ, გაფუჭებული ნივთები კი შეაკეთეთ.
  • შეამცირეთ საკვების ნარჩენები და მათი ნაწილი კომპოსტისთვის გამოიყენეთ.
  • გაავრცელეთ ინფორმაცია — ეცადეთ, თქვენ გარშემო კლიმატის ცვლილების შესახებ ცნობიერება აამაღლოთ და ეს რჩევები სხვებსაც გაუზიაროთ.

დასასრულს, კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ იმ შემთხვევაში, თუ სათბურის აირების ემისიების შემცირებას ვერ შევძლებთ, გლობალური უსაფრთხოება და სტაბილურობა, შესაძლოა, მიგრაციის კრიზისისა და საკვების უკმარისობის შედეგად დაირღვეს, რაც მსოფლიო კონფლიქტსა და ქაოსს გამოიწვევს. ასე რომ, საქმის გაურკვეველ მომავალში გადადების ნაცვლად, უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო, რაც შედეგს დროულად მოგვცემს და კაცობრიობის სრულ კოლაფსს აგვარიდებს თავიდან.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რამდენ ხანს ცოცხლობენ ქათმები, რომ არ ვხოცავდეთ?
  2. ესმით თუ არა ძაღლებს სიტყვების მნიშვნელობა? — კვლევა
  3. აღმოაჩინეს პირველი არასტანდარტული ზეგამტარი, რომელიც ბუნებაშიც გვხვდება
  4. მიზოფონია იმაზე მეტად არის გავრცელებული, ვიდრე აქამდე გვეგონა — კვლევა
  5. კოვიდპანდემიამ სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა შეამცირა — ცნობილია, რამდენით

გირჩევთ